LIVE

რუსეთიდან მიწოდების შემცირების მიუხედავად, ევროპა გაზის დაზოგვის სამიზნეს უახლოვდება

30 აგვ 202213:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 889
რუსეთიდან მიწოდების შემცირების მიუხედავად, ევროპა გაზის დაზოგვის სამიზნეს უახლოვდება
Bloomberg

რუსულმა Gazprom-მა საფრანგეთს 30 აგვისტოდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა. ოფიციალური მიზეზი ზოგიერთ კონტრაქტთან დაკავშირებით უთანხმოებაა. განცხადება Engie-მ, ფრანგულმა კომუნალურმა კომპანიამ გაავრცელა. 

“Engie-მ უკვე უზრუნველყო აბონენტებთან ვალდებულებებისა და საკუთარი მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო მოცულობები და მიიღო მთელი რიგი ზომები, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს ნებისმიერი პირდაპირი ფინანსური და ფიზიკური შედეგები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას Gazprom-სგან გაზის მიწოდების შეწყვეტით”,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფრანგული ენერგოკომპანიის განცხადების თანახმად, Gazprom-ის მხრიდან გაზის მიწოდება უკვე “არსებითად” შემცირდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

ამასთან, რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია 31 აგვისტოდან გერმანიისთვის Nord Stream-ის გაზსადენით მიწოდების დროებით შეჩერებას გეგმავს. 

მიუხედავად რუსეთიდან გაზის მიწოდების პერმანენტული შეჩერებისა, ევროკავშირი აპირებს ორი თვით ადრე მიაღწიოს საცავის შევსების მიზანს.

ევროკავშირის რეზერვები 27 აგვისტოს მდგომარეობით 79,4%-მდე იყო შევსებული, 1-ელი ნოემბრისთვის კი მაჩვენებელი 80%-ს მიაღწევს. ევროკავშირმა გააძლიერა ენერგიის დაზოგვის წესები მიმდინარე წლის დასაწყისში მას შემდეგ, რაც გასულ ზამთარში შენახვის დონე უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე გასულ წლებში, განსაკუთრებით გერმანულ ობიექტებში, რომლებსაც აკონტროლებს რუსული Gazprom-ი.

გაზის შენახვა ხელს უწყობს მიწოდების შეფერხებასთან გამკლავებას და უზრუნველყოფს ზამთარში მოხმარებული საწვავის დაახლოებით 25%-30%-ს. უფრო დიდი რეზერვებით, ევროპული ქვეყნები ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან მიწოდების შემდგომი შემცირების შემთხვევაში.

დაბალი ტემპერატურა აღმოსავლეთ ევროპასა და იბერიის ნახევარკუნძულის ნაწილებში ასევე დაეხმარება ქვეყნებს მეტი გაზის დაზოგვაში, რადგან ნაკლები ენერგია იქნება საჭირო გაგრილებისთვის.

ევროპული ბუნებრივი აირის ფასები 29 აგვისტოს ყველაზე მეტად დაეცა მარტიდან მას შემდეგ, რაც გერმანიამ განაცხადა, რომ გაზის რეზერვები დაგეგმილზე სწრაფად ივსება. ფასების ვარდნა გარკვეულ შვებას აძლევს ბაზარს, როდესაც ფიუჩერსები ჯერ კიდევ თითქმის ექვსჯერ მაღალია გასული წლის მაჩვენებელზე.

ევროკავშირს სურს, შეწყვიტოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება. ნაკადები უნდა შეიცვალოს განახლებადი ენერგიის წყაროებით, გაზრდილი ეფექტურობით და გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტით ხმელთაშუა ზღვის რეგიონის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აშშ-ის სხვა მომწოდებლებისგან.

ევროკომისიის შეფასებით, რეზერვების სავალდებულო მინიმალური დონე გააძლიერებს მიწოდების უსაფრთხოებას მიმდინარე ზამთარში და გათბობის მომავალ სეზონებში. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბლოკი ასევე მიიღებს ზომებს ელექტროენერგიის ბაზრებზე ჩარევისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში მზარდი ხარჯების შესამცირებლად და საბოლოოდ შეეცდება გაწყვიტოს კავშირი გაზისა და ელექტროენერგიის ფასებს შორის.

27 აგვისტოს მდგომარეობით, პოლონეთში რეზერვები თითქმის 100%-მდე შეივსო, სავსეა პორტუგალიის საცავებიც. იტალიური რეზერვი 81%-მდე შეივსო, ხოლო უნგრული - 62%-მდე, ბულგარული - 60%-მდე.

გერმანიაში გაზის საცავები სწრაფად ივსება და მოსალოდნელია, რომ მომავალ თვეში ოქტომბრის სამიზნე 85%-ით შევსება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

მიუხედავად ამისა, საცავების სრულად შევსების შემთხვევაშიც კი, გერმანია შესაძლოა ვერ გაუმკლავდეს ზამთრის სეზონს, თუ რუსეთი შეწყვეტს მიწოდებას, განაცხადა კლაუს მიულერმა, ქვეყნის ენერგეტიკული მარეგულირებლის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტმა Bloomberg News-თან ინტერვიუში.

ევროკავშირის უდიდესი ენერგოიმპორტიორი განაახლებს ქვანახშირის ელექტროსადგურების მუშაობას გაზის დაზოგვის მიზნით. ის ასევე მიზნად ისახავს ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციას თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტისთვის მთელი მსოფლიოდან. პირველი ორი მცურავი ტერმინალი მიმდინარე ზამთარში დაიწყებს მუშაობას.

ამავდროულად, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა მოუწოდა ბიზნესს, შეამცირონ ენერგიის მოხმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე ზამთარში შესაძლო რაციონირების წინაშე აღმოჩნდნენ, თუ რუსეთი შეაჩერებს გაზის მიწოდებას.

“შეიძლება იყოს უეცარი გაზის გათიშვა ღამით და მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგები. კომპანიები პირველები დაზარალდებიან რაციონირების გამო”, - განაცხადა მან 29 აგვისტოს.

Engie-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კლერ უეიზანდმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის გაზის საცავის 90%-ზე მეტი ახლა სავსეა, ამიტომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს საკმარისი საწვავი ზომიერი ტემპერატურის ზამთართან გასამკლავებლად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ევა კრუკოვსკა