
ილონ მასკმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ახლა მეტი ნავთობი და გაზი სჭირდება, რათა განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის პარალელურად, ენერგიის დეფიციტს გაუმკლავდეს.
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ამის შესახებ ნორვეგიაში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე ისაუბრა და დასძინა, რომ ის არ არის ადამიანი, ვინც წიაღისეული საწვავის „დემონიზაციას“ მოახდენს. მისი თქმით, ამავდროულად, უნდა გვქონდეს მკაფიო გზა მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ.
მასკმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე უარესი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. რუსეთი რეგიონისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ამცირებს, ხოლო საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურების გათიშვა კიდევ უფრო ზღუდავს მიწოდებას. ენერგიის საბითუმო ფასები კონტინენტზე ბოლო თვეების განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა.
მასკის თქმით, მდგრად ეკონომიკაზე გადასვლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. მან ასევე დასძინა, რომ ოკეანის ქარს აქვს "მასიური გამოუყენებელი პოტენციალი" და რომ ის ასევე ემხრობა ბირთვული ენერგიას.
"თუ კარგად შემუშავებული ატომური სადგური გაქვთ, არ უნდა დახუროთ ის - განსაკუთრებით ახლა",- განაცხადა მასკმა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი და შვედეთი მხარს უჭერენ ბირთვულ ენერგიას, გერმანია, ევროპის უდიდესი ეკონომიკა, სამი დარჩენილი ატომური ელექტროსადგურის დახურვას წლის ბოლომდე გეგმავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტარა პატელი