LIVE

23 702 ვაკანსია და 42 906 მსურველი - სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის შედეგები

29 აგვ 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 3604
23 702 ვაკანსია და 42 906 მსურველი - სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის შედეგები

საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის ფარგლებში ოთხ თვეში 23 702 ვაკანსია დარეგისტრირდა.

მთავრობამ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა მარტში დაიწყო და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას აანონსებდა.

თუმცა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, მსურველთა რაოდენობა ვაკანსიებს მკვეთრად აღემატება და  პროგრამის დაწყებიდან 4 თვეში საზოგადოებრივ სამუშაოებზე მხოლოდ 12 552 ხელშეკრულება გაფორმდა.

მარტი-ივნისის მონაცემებით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის შედეგები ასეთია:

  • პორტალზე 393 მომწოდებლის 23 702 ვაკანსია დარეგისტრირდა;
  • დასაქმების სააგენტოს მიმართა 42 906-მა მოქალაქემ;
  • დასაქმების 18 340 მსურველი გადამისამართდა კონკრეტულ ვაკანსიაზე;
  • ხელშეკრულება გაფორმდა 12 552 მსურველთან, მათ შორის: 922 ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ებში, ხოლო 11 630 ხელშეკრულება, ადგილობრივ თვითმმართველობებში (თბილისი - 130, იმერეთი - 1948, კახეთი -1852, ქვემო ქართლი - 441, შიდა ქართლი - 260, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2060, აჭარა - 1023, სამცხე-ჯავახეთი - 659, მცხეთა-მთიანეთი - 496, გურია - 1731, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1030).

აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორის ნაწილი აქტიურად საუბრობს კადრების დეფიციტის პრობლემაზე. „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, სახელმწიფო სექტორს უნდა დაეხმაროს, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მათთან დასაქმდნენ.

შეგახსენებთ, სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა.