LIVE

სახელმწიფომ ყურადღება მოგვაქციოს, რომ სოციალურად დაუცველები ჩვენთან დასაქმდნენ - ივა ჭყონია

30 მაი 202218:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 1016

„დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, დისტრიბუციის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კადრების ნაკლებობაა. მისი თქმით, სახელმწიფო სექტორს უნდა დაეხმაროს, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მათთან დასაქმდნენ.

„ქვეყანას 365 000 სოციალურად დაუცველი ჰყავს. ეს რიცხვი მზარდია. მათ სახელმწიფო ეუბნება, რომ 4 წლის განმავლობაში შეუძლიათ იმუშაონ და სოციალური დახმარება არ მოეხსნებათ. სოციალურად დაუცველები ააიპ-ებსა და სსიპ-ებში საქმდებიან. დაახლოებით 40 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ეს ცოტა გულდასაწყვეტია და თხოვნა მექნება სახელმწიფოსთან, მეტი ყურადღება მოგვაქციონ, რომ ეს ადამიანები, მშრომელი ძალა, ჩვენთან დასაქმდნენ. იგივე პრობლემა აქვს სასტუმროებსა და რესტორნებს. საჭიროა ამ ადამიანების ცნობიერების ამაღლება. ისინი თუ ვინმემ არ აიძულა, კერძო სექტორი ვერაფერს ვაკეთებთ",- განაცხადა ივა ჭყონიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

შეგახსენებთ, სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა.