LIVE

თურქეთმა რეფინანსირების განაკვეთი მოულოდნელად შეამცირა

18 აგვ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 549
თურქეთმა რეფინანსირების განაკვეთი მოულოდნელად შეამცირა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა, რეკორდული ინფლაციის მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთი კიდევ შეამცირა. ქვეყანაში ინფლაციამ 24-წლიან მაქსიმუმს, წლიურ 80%-ს მიაღწია, ხოლო ლირა მკვეთრად დასუსტდა და რეკორდულად დაბალ ნიშნულზე ივაჭრება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, საჰაპ კავჩიოღლუს ხელმძღვანელობით, საორიენტაციო განაკვეთი დღეს 13%-მდე შეამცირა, შვიდი თვის განმავლობაში 14%-ზე შენარჩუნების შემდეგ. Bloomberg-ის მიერ გამოკითხული 21 ეკონომისტიდან ცვლილებას არავინ ელოდა. თურქული ვალუტა დოლართან მიმართებით 1%-ით გაუფასურდა, სანამ დანაკარგებს აღიდგენდა.

მონეტარული სტიმულის უეცარი განახლება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ხაზს უსვამს თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეასრულონ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაპირება განაკვეთების შემცირების გაგრძელების შესახებ. გადაწყვეტილება ცენტრალურმა ბანკმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამი კვირის წინ მიმდინარე წლისთვის ინფლაციის პროგნოზი 18 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ასევე, თურქეთის უცხოური რეზერვების $10 მილიონით ზრდამ, რაც რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ფულის გადარიცხვას მოჰყვა, შესაძლოა, იმედი მისცა ცენტრალურ ბანკს, რომ ზეწოლის გადავლისთვის დალოდება შეუძლია. ამასთან, პოლიტიკის შემქმნელები ინფლაციის პიკს მალე ელოდებიან.

ცენტრალური ბანკი ახლა ელოდება, რომ ინფლაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე მაქსიმუმ 85%-ს მიაღწევს, ხოლო წელს დაახლოებით 60%-ზე დაასრულებს, რაც სამიზნე მაჩვენებელს 12-ჯერ აღემატება.

ცნობისთვის, ერდოღანმა, რომელსაც დიდი ხანია სჯერა, რომ სესხის აღების ხარჯების გაიაფებას ინფლაციის შენელება შეუძლია მისი დაჩქარების ნაცვლად, კავჩიოღლუ ცენტრალური ბანკის მმართველად გასულ წელს დანიშნა. ეს მას შემდეგ, რაც მისი სამი წინამორბედი თანამდებობიდან გადააყენა, რადგან ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე მეტი გავლენის მოპოვება სურს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბერილ აკმანი