LIVE

ისრაელი და თურქეთი სრულ დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ

17 აგვ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 570
ისრაელი და თურქეთი სრულ დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ

თურქეთი და ისრაელი აცხადებენ, რომ დიპლომატიურ კავშირებს აღადგენენ და ელჩებს დააბრუნებენ, რითაც ქვეყნებს შორის დაძაბულობის ხანგრძლივი პერიოდი სრულდება.

"თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა მნიშვნელოვანი აქტივია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლე - ისრაელის მოქალაქეებისთვის", - აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, იაირ ლაპიდის მიერ დღეს ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.

ისრაელის განცხადებით, 2018 წლის შემდეგ, ელჩები ქვეყნების დედაქალაქებს დაუბრუნდებიან. 

ქვეყნებს შორის ურთიერთობების დათბობა მიმდინარე წლის დასაწყისში, ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის თურქეთში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. ამას მოჰყვა მაისში ისრაელის ავიახაზების პირდაპირი ფრენების შესახებ მოლაპარაკებების განახლების დაპირება. თურქეთის უმაღლესი დიპლომატი, მევლუთ ჩავუშოღლუ გახდა პირველი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ისრაელს ბოლო 15 წლის განმავლობაში ეწვია.

ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირები რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2003 წლიდან გაფუჭდა. ურთიერთობები გაიყინა 2010 წლის შემდეგ, როდესაც ღაზას სექტორისკენ მიმავალი თურქული ფლოტილია ისრაელის რეიდის დროს დაარბიეს, რის შედეგადაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

თურქეთი პალესტინელების მიმართ ისრაელის პოლიტიკას აკრიტიკებდა, ხოლო ისრაელი თურქეთს ჰამასის, ისლამური მებრძოლი ჯგუფის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

თუმცა, თურქეთი ბოლო დროს შეეცადა აღედგინა თავისი კავშირები ისრაელთან და არაბულ სამყაროსთან, მათ შორის საუდის არაბეთთან. ქვეყნის ხელისუფლებას სურს, რომ მომავალ წელს გასამართ არჩევნებში ერდოღანს გამარჯვებაში ხელი არ შეუშალოს გაუარესებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ. 

ისრაელის საგარეო ვაჭრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წელს ისრაელსა და თურქეთს შორის საქონლისა და ბიზნეს სერვისების ვაჭრობა $7,7 მილიარდს შეადგენდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: გვენ აკერმანი და ტაილან ბილგიჩი