ფინეთის მთავრობამ უნდა გადახედოს რუსეთისკენ მიმავალი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის იტარატას (აღმოსავლეთის რკინიგზის) მშენებლობის გეგმებს უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამო. ამის შესახებ ფინეთის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების მინისტრმა ვილე სკინარიმ განაცხადა.
“ნათელია, რომ იტარატას პროექტი და მისი საპროექტო კომპანიის საქმიანობა უნდა შეჩერდეს”, - განაცხადა სკინარიმ. მისივე თქმით, პროექტისთვის განკუთვნილი თანხები სხვა მიმართულებით სარკინიგზო რგოლის მშენებლობაზე უნდა გადანაწილდეს. კერძოდ, ქვეყნის სამხრეთით ქალაქ ჰეინოლასა და მიკკელის დამაკავშირებელ გზაზე.
სკინარიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯერ არ განხილულა არც სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში და არც ქვეყნის მთავრობაში.
აღმოსავლეთის რკინიგზის პროექტი შეიქმნა აღმოსავლეთ ფინეთსა და ჰელსინკს შორის სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლად, ასევე ტურიზმისა და რუსეთთან ვაჭრობის ხელშეწყობისთვის. რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ იტარატას ღირებულება 1,7 მილიარდ ევროდ შეაფასა.
ფინეთმა 30 ივნისიდან გააუქმა Covid შეზღუდვები უცხოელებისთვის. 15 ივლისიდან რუსეთმა გააუქმა შეზღუდვები სახმელეთო საზღვრებზე, რომლებიც 2020 წლის მარტიდან მოქმედებდა პანდემიის გამო.
თუმცა, მალევე, ფინეთის მთავარმა საპარლამენტო პარტიებმა მხარი დაუჭირეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იუსი ტანერამ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს ექვს ვარიანტს რუსეთიდან ტურიზმის შეზღუდვისთვის, მათ შორის ვიზების შეწყვეტას, სამგზავრო მიმოსვლის საზღვრების ჩაკეტვასა და ევროკავშირის პოლიტიკის დაცვას.