LIVE

Amazon-ის, eBay-სა და AliExpress-ის გვერდებზე იარაღით უკანონო ვაჭრობა გამოავლინეს

12 აგვ 202214:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 638
Amazon-ის, eBay-სა და AliExpress-ის გვერდებზე იარაღით უკანონო ვაჭრობა გამოავლინეს

გამოძიების თანახმად, Amazon-ზე, eBay-ზე, Wish-სა და AliExpress-ზე იარაღით არალეგალური ვაჭრობა ხდებოდა, მათ შორის დანებით, ხმლებით და ხელკეტებით.

ბრიტანეთში მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ უკანონო იარაღს მესამე მხარის გამყიდველები სხვადასხვა სახელწოდებით ყიდდნენ.

გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა კრძალავს მსგავსი იარაღის გაყიდვასა და შენახვას.

“შემაშფოთებელია, რომ უახლესმა გამოძიებამ გამოავლინა არალეგალური იარაღი, რომელიც იყიდება ონლაინ ბაზრებზე უჩვეულოდ დაბალ ფასებში და რომ ეს ტექნოლოგიური კომპანიები ასევე ყიდიან დამატებით სახიფათო საქონელს ხალხს. ეს ბადებს უამრავ ეჭვს პლატფორმების მიერ განხორციელებულ შემოწმებებსა და მონიტორინგთან დაკავშირებით”, - განაცხადა სიუ დევისმა, Who?-ს მომხმარებელთა ადვოკატირების ხელმძღვანელმა.

Amazon-ის კვლევისას ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ ხელკეტები, რომელთა ყიდვა-გაყიდვა უკანონოა გაერთიანებულ სამეფოში, ლაშქრობის ბოძებად იფარებოდა. მომხმარებელთა ჯგუფმა თქვა, რომ ეს, როგორც ჩანს, გამოვლენის თავიდან აცილების მიზნით ხდება, ხოლო ჩამონათვალში არსებული ზოგიერთი სურათი მიუთითებს, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია თავდაცვისა და ბრძოლისთვის.

eBay-ზე გამოძიებამ აღმოაჩინა სპილენძის ხმლები და ზომბი დანები. EBay-ის წესებსა და პირობებში ნათქვამია, რომ არცერთი ეს იარაღი არ უნდა გაიყიდოს პლატფორმაზე.

ექსპერტებმა AliExpress-ის ვებ-გვერდზე აღმოაჩინეს “დიდი რაოდენობით დასაკეცი დანები, რომელთა ფასი სულ რაღაც 0,49 ფუნტი (0,58 ევრო) იყო”.

Wish-ის ვებგვერდზე მომხმარებელთა ჯგუფმა იპოვა დამალული პირები და რამდენიმე დანა ქამრის ბალთებით.

Amazon-ი პირობას დებს, რომ მიიღებს “შესაბამის ზომებს” ხელკეტის გამყიდველების წინააღმდეგ და უკვე ამოიღო “განხილული პროდუქტები”.

“იმედგაცრუებულები ვართ, როდესაც თავდამსხმელები თავს არიდებენ ჩვენს სისტემებს. ამ ცოდნას გამოვიყენებთ პრევენციის მექანიზმების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული პროდუქცია ამჟამად ამოღებულია მაღაზიიდან”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

EBay-მ განაცხადა, რომ იძიებს, რატომ არ დაიბლოკა ნივთები და თქვა, რომ “ძალიან სერიოზულად ეკიდება თავისი მომხმარებლების უსაფრთხოებას”.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს არაერთი სისტემა და მეთოდი, რათა თავიდან ავიცილოთ უკანონო იარაღის გაჩენა, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მოვაჭრეებმა იპოვეს გზა ჩვენი წესების გვერდის ავლისათვის”,- ნათქვამია Wish-ის განცხადებაში.

AliExpress-მა განაცხადა, რომ ამოიღო მსგავსი პროდუქტი და დაიწყო გამოძიება.