LIVE

უკრაინული გემი მყიდველის გარეშე დარჩა - ლიბანელმა დამკვეთმა დაგვიანებულ სიმინდზე უარი თქვა

09 აგვ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 982
უკრაინული გემი მყიდველის გარეშე დარჩა - ლიბანელმა დამკვეთმა დაგვიანებულ სიმინდზე უარი თქვა

პირველი ტვირთი, რომელიც უკრაინის ახლად გახსნილი მარცვლეულის პორტებიდან გაემგზავრა, ახლა ხმელთაშუა ზღვაში დაცურავს და მყიდველის დაკარგვის შემდეგ, ახალ დანიშნულების წერტილს ეძებს.

უკრაინის საელჩომ ბეირუთში ორშაბათს გემის სურათი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ტვირთი ლიბანში მყიდველმა მიწოდების ხუთთვიანი დაგვიანების გამო არ მიიღო. ეს პირველი სასოფლო-სამეურნეო ტვირთის გადამზიდი გემია, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყნის შავი ზღვის პორტებიდან გავიდა. გემი დაახლოებით 26,500 ტონა სიმინდით არის დატვირთული.

მყიდველის პოვნის სირთულე ხაზს უსვამს გამოწვევებს, რომლებიც ომის პირობებში უკრაინული მარცვლეულის მიწოდების ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნებას უდგას წინ. საელჩოს ცნობით, Razoni-ის გადამზიდი გემი ახალ მყიდველს ლიბანში ან სხვაგან ეძებს.

ლიბანის ეკონომიკის სამინისტროს სპიკერმა საკითხის შესახებ განაცხადა, რომ მთავრობა გადაზიდვაში ჩართული არ არის, რადგან ტვირთი კერძო სექტორისთვის იყო განკუთვნილი. შეკვეთის მიღების საკითხში ასევე არ ერევა გაერო, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების დადებას დაეხმარა, რადგან ეს გადაწყვეტილებები კომერციულია.

პარალელურად, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ სიმინდით დატვირთულმა პატარა გემმა, რომელიც უკრაინიდან გავიდა, თურქეთში დანიშნულების ადგილს მიაღწია. ის პირველი ასეთი გემია, რომელმაც ტერმინალს მიაღწია. ორი სხვა გემი დაახლოებით ერთ კვირაში უნდა ჩავიდნენ პორტებში. ამ დროისთვის უკრაინა სულ 10-მდე გემმა დატოვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეგან დურისინი