LIVE
ვიდეო
08 ნოე, 2023 11:40
თურნავა: სავალუტო ფონდთან მუშაობას ვაგრძელებთ
412

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)  შეჩერებული პროგრამის განახლება პრიორიტეტია.

კითხვაზე, რა არის პროგრამის აღდგენის წინაპირობა, თურნავა ირწმუნება, რომ განახლებისთვის ყველაფერი კეთდება და ფონდთან გარკვეული სამოქმედო გეგმა შეთანხმებულია. მისი განმარტებით, მუშაობა მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებებზე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით. ასევე, სავალუტო ფონდს სურს დარწმუნდნენ, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი კვლავაც მდგრადი და უსაფრთხოა.

ამასთან, "ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე, ითხოვს თუ არა სავალუტო ფონდი სანქციათა რეჟიმების აღსრულების წესში თურნავას მიერ შეტანილი ცვლილებების გაუქმებას, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ფონდის მხრიდან მსგავსი მოთხოვნა არ დგას.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა საქართველოსთვის და ჩვენი საფინანსო სისტემისთვის ძალიან კარგი ფაქტორია, რომ საერთაშორისო ინვესტორების თვალში უფრო საიმედოდ და მიმზიდველად გამოჩნდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ პროგრამა, რომელიც დროებით შეჩერებულია, კვლავაც გააქტიურდეს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ვმუშაობთ ფონდის სხვადასხვა ტექნიკურ მისიასთან იმისთვის, რომ გარკვეული ცვლილებები მომზადდეს კანონმდებლობაში, მათ შორის მუშაობა მიმდინარეობს ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუციის, დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით. ასევე, მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი კვლავაც მდგრადი და უსაფრთხოა. სავალუტო ფონდთან მუშაობას ვაგრძელებთ. ვფიქრობთ, უახლოეს თვეებში მოვახერხებთ პროგრამა წინ წავწიოთ“,- აცხადებს თურნავა.

17 ივლისს „ბიზნეს ფორმულასთვის“ ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მხარდამჭერი $40-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვა შეჩერებულია. პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერების მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს სავალუტო ფონდი თავიდანვე აკრიტიკებდა. ფონდი ასევე მიიჩნევდა, რომ საკითხზე პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო არ უნდა დაეძლია. IMF-მა მიუთითა, რომ პროცესები სებ-ის დამოუკიდებლობას და სანდოობას აზიანებდა, თუმცა სავალუტო ფონდის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საბოლოოდ კი, სებ-ში "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დაინიშნა. ამჟამად სწორედ ის ასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ