LIVE
ვიდეო
21 სექ, 2023 13:20
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩია
407

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვწტილების შეცვლის და სხდომაზე კანდიდატების გამოუცხადებლობის მიუხედავად, პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.

ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.

აღსანიშნავია, რომ დღესვე, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილ ორ კანდიდატს მხარი არ დაუჭირეს. მიზეზი პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების შეცვლაა. კანდიდატები სხდომაზე არ მივიდნენ, რადგან სალომე ზურაბიშვილმა მათი წარდგენის გადაწყვეტილება, ბოლო ორ დღეში განვითარებული მოვლენების გამო, შეცვალა. თუმცა კანდიდატების არ ყოფნის მიუხედავად, სხდომაზე კენჭისყრა მაინც შედგა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განმარტა, სანამ არ გაუქმდება სანქციების შესრულების წესთან დაკავშირებით ნათია თურნავას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება და სიტუაცია არ გაირკვევა, პრეზიდენტი პარლამენტს ახალ კანდიდატებს არ წარუდგენს.

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა და მისი ახალი წევრებით დაკომპლექტება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, რომლებიც ამავდროულად სებ-ის საბჭოს ტოვებენ. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, როდესაც სებ-ის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, საბჭო არ არის უფლებამოსილი, თავისი ფუნქციები შეასრულოს. თუ ვიცე-პრეზიდენტების მიერ თანამდებობების ოფიციალურად დატოვების შემდეგ, ვაკანსიები მაქსიმუმ 2 თვეში არ დაკომპლექტდება, საბჭოს უფლებამოსილება შეუჩერდება. პაპუნა ლეჟავა, არჩილ მესტვირიშვილი და ნიკოლოზ გაგუა საბჭოს ოფიციალურად ნოემბრის ბოლოსთვის დატოვებენ და 7-ის ნაცვლად საბჭოში 4 წევრი დარჩება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ