LIVE
ვიდეო
15 ივნ, 2023 17:10
მისაღებია თუ არა ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები? - მესტვირიშვილის კომენტარი
627

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე სებ-ის კრიტიკული მოსაზრება და შენიშვნები არ შეცვლილა. 

მესტვირიშვილის თქმით, ეროვნული ბანკის მმართველობის ცვლილება სენსიტიური საკითხია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ანალიზია საჭირო. 

"ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.

რაც შეეხება სადავო კანონის მიღებით შექმნილ ახალ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, მისი დაკავება ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელ წევრებსაც შეუძლიათ, რომლებიც თავის მხრივ, მთავრობის ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები არიან. მესტვირიშვილის განმარტებით, საკითხზე საბჭო იმსჯელებს. თუ არსებული ვიცე-პრეზიდენტებიდან ერთ-ერთი გახდება პირველი ვიცე-პრეზიდენტი მაშინ, ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა არ შეიცვლება, მაგრამ თუ სებ-ის საბჭოს არააღმასრულებელი წევრი დაიკავებს ახალ თანამდებობას, მაშინ ვიცე-პრეზიდენტებს ერთი წევრი დაემატება. 

"კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას. თითოეული საბჭოს წევრს აქვს თავისი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და თავისი შეხედულებისამებრ მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა მესტვირიშვილმა "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა 13 ივნისს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. აღნიშნულს წინ ხმაურიანი პროცესი უძღოდა. 2023 წლის 9 თებერვალს პარლამენტმა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შექმნა. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.

ეროვნული ბანკის საბჭო

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტური თანამდებობაა, რომელზე გასაუბრებებისთვის 8 კანდიდატი შეირჩა. გასაუბრების შედეგად შეირჩევა საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს განსახილველად საბჭოს წევრობის კანდიდატებს.

ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:

  • საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია;
  • საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. 
  • ეროვნული ბანკის საბჭოში 4 არააღმასრულებელი წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.
მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ