LIVE
ვიდეო
25 ივლ, 2023 15:10
ევროკავშირი ქართული ყველის ექსპორტს უსაფრთხოების გამო ბლოკავს - Euronews
959

ექსპერტების შეფასებით, ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტების დაახლოებით 95% არარეგისტრირებულ საწარმოებში იწარმოება, რაც ბრიუსელისთვის შემაშფოთებელია. ამის შესახებ სტატიას Euronews აქვეყნებს

გამოცემა წერს, რომ საქართველო მთების, მწყემსების და ბუნებრივია, ყველის ქვეყანაა, თუმცა ქართული ყველის დიდი ნაწილის ექსპორტი ევროპაში აკრძალულია, რადგან წარმოების რეგულაციები ბრიუსელის მიერ მოთხოვნილ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.  

"ჩვენ უნდა დავადგინოთ, არის თუ არა რძეში ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჯილეხი, მასტიტი ან ბრუცელოზი. დაბინძურებული რძის შესახებ ცნობიერება უნდა ამაღლდეს და ის ქართული ბაზრისთვის მიუღებლად გამოცხადდეს. გასაკვირია, რომ მარეგულირებელი ორგანოები ვერ ახერხებენ პასუხისმგებლობის აღებას", - განუცხადა საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ Euronews-ს.

სტატიის მიხედვით, რეგულაციებს მიღმა დარჩენილი ყველი პრობლემაა თავად მწარმოებლებისთვისაც. 

"ჩვენი ყველი 8 ევრო ღირს, დაურეგისტრირებელი კონკურენტები კი 5 ევროდან 6 ევრომდე ყიდიან", - ამბობს წარმოების ხელმძღვანელი რესან ბასილაძე. 

Euronews წერს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერულ ბაზრებზე შეუმოწმებელი რძის პროდუქტების არსებობას არ ადასტურებს. ის ამტკიცებს, რომ კონტროლის მექანიზმები ყველა სექტორზე ვრცელდება. 

"სოფლის მეურნეობის ბაზრებზე კომპანიების რეგისტრაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ საოჯახო მწარმოებელი სუბიექტები უნდა დარეგისტრირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და დაიცვან გარკვეული რეგულაციები", - ამბობს სეს-ის სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი. 

ამავე სტატიის თანახმად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორის, ვახტანგ კობალაძის თქმით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნია რესურსი, რომ საქართველოს ბაზარი, მათ შორის, რძის პროდუქტები ეფექტურად შეამოწმოს.

"თუ კონტროლი მთავრობის პრიორიტეტი არ გახდება, ინსპექტირება და ლაბორატორიული კვლევები შეზღუდული იქნება", - ამბობს ვახტანგ კობალაძე.

ბრუცელოზი, რომელიც ადამიანებს შეიძლება რძის მოხმარებით გადაეცეს, 2021 წელს საქართველოში 133 ადამიანს აღმოაჩნდა. ეს თითქმის უახლოვდება მთელ ევროკავშირში დაავადებულთა რიცხვს. 

მომხმარებლები, რომლებსაც დაურეგისტრირებელი პროდუქტის შეძენით თანხას ზოგავენ, უნდა იაზრებდნენ რა საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას და რა ფასის გადახდა მოუწევთ ამისთვის გრძელვადიან პერიოდში.  

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ