LIVE
ვიდეო
21 სექ, 2023 16:55
რუსეთმა საწვავის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
923

რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. ჯერჯერობით შეზღუდვების კონკრეტული ფორმის შესახებ განმარტება არ გაკეთებულა.

ინიციატივის მიზანი ადგილობრივი ბაზრის სტაბილიზაციაა, რამაც რუსი მომხმარებლებისთვის ფასები უნდა შეამციროს. 

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, არსებობს გეგმა, რომ საწვავის ექსპორტი აიკრძალოს იმ ქვეყნებში, რომლებიც ნავთობის მწარმოებლები არიან. 

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია, რის გამოც საწვავის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა; კერძოდ, წლის დასაწყისიდან 9.4%-ით გაიზარდა საწვავის ფასები, ხოლო ზოგადად, სამომხმარებლო პროდუქტების ფასებმა - 4%-ით მოიმატა. 

სექტემბრის ოც დღეში, გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი 30%-ით, 1.7 მილიონ ტონამდე შეამცირა. 

გასულ წელს რუსეთმა ჯამში 4.817 მილიონი ტონა ბენზინი და 35 მილიონი ტონა დიზელი გაიტანა ექსპორტზე. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი საწვავის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. სწორედ ამის გამო საწვავზე ფასები საქართველოშიც იზრდება. ბოლო 3 თვეში კი ჯამში ფასები თითქმის 70 თეთრამდეა გაზრდილი.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ საწვავის ფასებმა, დეფიციტის შექმნის საფრთხის გავლენით, ევროპაშიც მოიმატა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ