LIVE
ვიდეო
11 ოქტ, 2023 13:20
სექტემბერში სურსათის გლობალური ფასები სტაბილური იყო - როგორია FAO-ს მოლოდინები?
528

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, თითქმის უცვლელი იყო და საშუალოდ 121,5 პუნქტი შეადგინა. 

საერთო ჯამში, მცენარეული ზეთების, რძის პროდუქტებისა და ხორცის ფასების ინდექსების შემცირებამ შაქრისა და მარცვლეულის ფასების ინდექსების ზრდა გადაწონა. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლებით სურსათის გლობალური ინდექსი 10,7%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და 24%-ით 2022 წლის მარტში მიღწეულ მაქსიმუმს.

რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც FAO საქართველოს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, ჯუბა მარუაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, აქამდე ფასები სტაბილურობას ინარჩუნებდა, თუმცა ბოლო კვირებში განვითარებული ეკონომიკურ-პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, შესაძლოა ზოგადი სურათი შეიცვალოს და ფასებმა ზრდა განაახლონ. 

"აქამდე უხვი მოსავალი, ჭარბი მარაგები, ინფლაციის ზრდის ტემპის შენელება სურსათის გლობალური ფასების სტაბილურობის გარანტია იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება საკმაოდ შეიცვალა. კერძოდ, რისკები კვლავ იზრდება და ამას განაპირობებს რამდენიმე მიზეზი. მათ შორისაა, რუსეთში საწვავის დეფიციტის შექმნა და ამის გამო გაძვირებული ტრანსპორტირება; ასევე ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდაც, რომელიც ახლა ოდნავ შემცირებულია, მაგრამ საერთო პროგნოზი აქაც არასახარბიელოა და ცხადია, ნეგატიურ გავლენას ახდენს ახალი საომარი კერებიც. არასტაბილურობის განცდა იზრდება და ეს გლობალურ სასურსათო ბაზარზეც პირდაპირ აისახება. შედეგებს ალბათ უფრო ოქტომბრის მაჩვენებლებში ვნახავთ",- აღნიშნავს ჯუბა მარუაშვილს. 

რაც შეეხება FAO-ს სურსათის ფასების ინდექს სექტემბერში, უფრო დეტალურად შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მარცვლეული - FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა სექტემბერში საშუალოდ 126,3 პუნქტი შეადგინა, რაც 1,3 პუნქტით (1%) მეტია აგვისტოს მაჩვენებელზე და 21,6 პუნქტით (14,6 %) დაბალია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. უფრო ზუსტად, ზედიზედ შვიდთვიანი კლების შემდეგ, სიმინდის საერთაშორისო ფასი 7%-ით გაიზარდა, რაც დაკავშირებულია ერთის მხრივ, ბრაზილიის მარაგებზე ძლიერი მოთხოვნით, მეორეს მხრივ კი არგენტინაში გაყიდვების შემცირებით. ამის საპირისპიროდ, ხორბლის საერთაშორისო ფასებმა ვარდნა განაგრძო (1,6% ყოველთვიურად), რაც განპირობებულია რუსეთის ფედერაციაში საკმარისად მიწოდებით, სადაც წარმოების პერსპექტივები სექტემბერში გაიზარდა. რაც შეეხება ბრინჯს, გასულ თვეში ფასი ოდნავ შემცირდა, თუმცა ერთ წლიან ჭრილში ფასი 27,8%-იან ზრდას აჩვენებს. უშუალოდ სექტემბრის მცირე კლება კი გამოწვეული იყო ზოგადად დაბალი მოთხოვნით. 
  • მცენარეული ზეთები - FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა სექტემბერში საშუალოდ 120,9 პუნქტი შეადგინა, რაც აგვისტოსთან შედარებით 5 პუნქტით (3,9%) ნაკლებია და რაც ზედიზედ მეორე თვიური კლებაა. ინდექსის ვარდნა გამოწვეული იყო პალმის, მზესუმზირის, სოიოს და რაფსის ზეთებზე მსოფლიო ფასების შემცირებით. კონკრეტულად პალმის ზეთის საერთაშორისო ფასების კლება გამოწვეულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მთავარ მწარმოებელ ქვეყნებში სეზონურად ამაღლებული წარმოებით. პარალელურად, მსოფლიოში საგრძნობლად შემცირდა მზესუმზირის ზეთის ფასიც, ხოლო რაფსის და სოიოს ზეთების ფასების კლება უხვმა მარაგებმა გამოიწვია.
  • რძის პროდუქტები - FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა სექტემბერში საშუალოდ 108,6 პუნქტი შეადგინა, რაც 2,6 პუნქტით (2,3%) ნაკლებია აგვისტოსთან შედარებით. ესაა ზედიზედ მეცხრე თვიური კლებაა და 34,1 პუნქტით (23,9 %) ჩამორჩება წინა წლის შესაბამის თვეს. გასულ თვეში რძის პროდუქტების ყველა სახეობის ფასები შემცირდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო დიდი მარაგებით, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ზოგიერთ რძის პროდუქტზე თვის ბოლოსთვის მოთხოვნა გაიზარდა. 
  • ხორცი - FAO ხორცის ფასების ინდექსი სექტემბერში საშუალოდ 114,2 პუნქტი იყო, რაც 1,2 პუნქტით (1%) ნაკლებია აგვისტოსთან შედარებით (ესაა ზედიზედ მესამე თვიური კლება) და 6,1 პუნქტით (5%) ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. ღორის ხორცის საერთაშორისო ფასები დაეცა, რაც გამოწვეული იყო წამყვანი იმპორტიორი ქვეყნებიდან იმპორტის სუსტი მოთხოვნით, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან. უშალოდ ფრინველის ხორცის მსოფლიო ფასების კლება დაკავშირებულია უხვ მიწოდებასთან. ამის საპირისპიროდ, მსხვილფეხა ძროხის ხორცზე იმპორტის ძლიერმა მოთხოვნამ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოიწვია მსხვილფეხა რქოსანი ხორცის საერთაშორისო ფასების ზრდა, ბრაზილიიდან და ავსტრალიიდან მაღალი საექსპორტო მიწოდების მიუხედავად.
  • შაქარი - FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა სექტემბერში საშუალოდ 162,7 პუნქტი შეადგინა, რაც აგვისტოსთან შედარებით 14,5 პუნქტით (9,8%) გაზრდილი მაჩვენებელი (ესაა ზედიზედ მეორე თვიური ზრდა). ფასების ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო გლობალური მიწოდების შემცირების გამო მზარდი შეშფოთებით. შაქრის მსოფლიო ფასების ზრდას ხელი შეუწყო ნედლი ნავთობის ფასების ზრდამაც. მოლოდინია, რომ შაქრის ძირითად მწარმოებლებში (ტაილანდი და ინდოეთი) მშრალი ამინდების გამო წარმოება შემცირდება.
მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ