LIVE

ზელენსკი ჩინეთის პრეზიდენტს პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს

04 აგვ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 943
ზელენსკი ჩინეთის პრეზიდენტს პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პეკინი მსგავს მოთხოვნებს უპასუხოდ ტოვებს.

South China Morning Post-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ზელენსკი იხსენებს, რომ უკრაინისა და ჩინეთის ლიდერებმა ბოლოს ერთი წლის წინ ისაუბრეს. 

მისივე თქმით, 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინულმა მხარემ "ოფიციალურად მოითხოვა საუბარი" სი ძინპინთან, მაგრამ პეკინს ამ მოთხოვნაზე არ უპასუხია. ზელენსკის განცხადებით, ასეთი დიალოგი სასარგებლო იქნებოდა. 

მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ლიდერი უარს ამბობს უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობაზე. 24 თებერვლამდე რამდენიმე კვირით ადრე სი ძინპინმა განაცხადა, რომ პუტინთან მეგობრობა "უსაზღვროა". მან რუსეთის პრეზიდენტთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ისაუბრა. პუტინმა ძინპინს ივნისში დაბადების დღეზეც დაურეკა. 

უკრაინასა და ჩინეთს შორის დიალოგი შემოიფარგლება დაბალი დონის დიპლომატიური კავშირებით. პეკინი ამტკიცებს, რომ პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს, მაგრამ ამავე დროს, მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის შესახებ რუსული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა, უარი თქვა შეერთებოდა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს და რუსეთის ომში ვაშინგტონს "დამნაშავედ" მიიჩნევს.

ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინეთს ჯერ კიდევ შეუძლია, პოზიტიური როლი ითამაშოს კონფლიქტის დასრულებაში.

"ჩინეთს, როგორც დიდ და ძლიერ ქვეყანას, შეუძლია ჩამოვიდეს და რუსეთის ფედერაციას გარკვეული ადგილი მიუჩინოს. ყველას უყვარს თავისი შვილები. ყველას უნდა მშვიდად ცხოვრება", - განუცხადა ზელენსკიმ გამოცემას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენი მარში