LIVE

კობა გვენეტაძე: სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 3 წლამდე მცირდება

03 აგვ 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 797
კობა გვენეტაძე: სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 3 წლამდე მცირდება

ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადას ერთი წლით ამცირებს. შესაბამისად, მომხმარებლები 4-წლიან სამომხმარებლო სესხს ვეღარ აიღებენ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან, ერთი წლით შევა.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე ზეწოლას უკავშირდება.

„სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი. ეს არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

მისი თქმით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია.

ამასთან, მარეგულირებელი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.