
შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse Group-მა სკანდალებით, ზარალით და პოზიციის რყევით შეძრწუნებული ტოპ ბანკირების შესანარჩუნებლად ერთ თვეში $300 მილიონზე მეტი გასცა.
კვარტალური ანგარიშის მიხედვით, ბანკმა ივნისის ბოლოდან, ამ მიზნით, 289 მილიონი ფრანკი ($304 მილიონი) გამოყო. შედარებისთვის, გასულ წელს, თანამშრომლების შესანარჩუნებლად ბანკმა 395 მილიონი ფრანკი გამოიყენა.
უახლესი გადახდები ემთხვევა დროს, როცა Credit Suisse-მა განაცხადა ზედიზედ მესამე კვარტალური ზარალის შესახებ და გამოიცვალა აღმასრულებელი დირექტორი.
არეულობის ფონზე წამყვანი ბანკირები უერთდებიან კონკურენტებს, რომლებსაც გლობალური სავაჭრო ბუმი და მზარდი საპროცენტო განაკვეთები აძლიერებს.
ბოლო 18 თვის განმავლობაში 60-ზე მეტი მნიშვნელოვანი თანამშრომელი გადავიდა კონკურენტებთან და კლიენტებთან, რაც შვეიცარიულ ბანკს კონკურენციის გაწევას ურთულებს.
Credit Suisse-ის თანახმად, მის საინვესტიციო ბანკს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დარტყმა ელოდება, რამდენადაც მესამე კვარტლის ვაჭრობით გამოჩნდა კლიენტის აქტივობის სისუსტე და კიდევ ერთი მოსალოდნელი ზარალი ამ მიმართულებით.
"ტვინების" შესანარჩუნებლად, მიმდინარე წლის დასაწყისში Credit Suisse-მა დანერგა ახალი ბონუსების სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ცვალებადი ანაზღაურების კომპონენტების უკან დაბრუნებას, ე.წ. claw-back პრინციპს, რამაც დირექტორებისა და მმართველი დირექტორების ანაზღაურების ზრდა გამოიწვია.
ბანკის მიერ გაცემული წამახალისებელი თანხის ოდენობა გაიზარდა, რადგან მისი ქონება შემცირდა. წინა წლიური ანგარიშების მიხედვით, Credit Suisse-მა იმავე მიზნით, 2020, 2019 და 2018 წლებში 40 მილიონი ფრანკი ან უფრო ნაკლები გამოიყენა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მირიამ ბალეზუ