LIVE

ქუთაისის აეროპორტში Duty free-ს თურქული კომპანია მოაწყობს - UAG

29 ივლ 202213:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 890
ქუთაისის აეროპორტში Duty free-ს თურქული კომპანია მოაწყობს - UAG

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty free) მოსაწყობად გამოცხადებულ აუქციონში შპს „ეი თი იუ ჯორჯიამ“ (ATU) გაიმარჯვა. 

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც კომპანიასთან 7 წლის ვადით გაფორმდა, მიმდინარე წლის ბოლომდე, ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში ორი განსხვავებული კონცეფციის Duty free-ს სივრცე მოეწყობა, სადაც მგზავრებს სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის ყიდვა შეეძლებათ.

„შპს „ეი თი იუ ჯორჯიამ“ საკმაოდ კონკურენტულ გარემოში გაიმარჯვა. კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მოწყობის მიმართულებით. ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზის 568 კვ.მეტრზე მოეწყობა თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, რომელიც დაყოფილი იქნება ორ ნაწილად. კონცეპტუალურად ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას დაეთმობა, რაც ქართველი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

„ეი თი იუ ჯორჯიას“ სტრატეგიული მიმართულებების დირექტორის აჰმეთ ქოთეჰნემის განცხადებით, მაღაზია, რომელიც ქუთაისის აეროპორტში განთავსდება, თანამედროვე კონცეპტ-დიზაინის იქნება. 

„მოუთმენლად ველოდებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მუშაობას. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ მათთან. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან ლამაზი და თანამედროვე კონცეპტ-დიზაინის მაღაზია გვექნება, რომელიც UN STUDIO-სა და აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით შეიქმნა“, - განაცხადა აჰმეთ ქოთეჰნემმა.

შეგახსენებთ, „ეი თი იუ ჯორჯია“ თურქეთში ერთ-ერთი წამყვანი Duty Free-ს ოპერატორი კომპანიის ATU Duty Free-ს შვილობილია, რომელიც თავის მხრივ, TAV Airports-ისა და Gebr. Heinemann-ის მიერაა დაფუძნებული. 

ATU Duty Free მომსახურებას 7 ქვეყნის 21 აეროპორტსა და 1 საკრუიზო პორტში სთავაზობს. კომპანია ფლობს 110-ზე მეტ მაღაზიას, მათ შორის 20 პრემიუმ ბრენდის მაღაზიას სტამბოლის აეროპორტში. ATU Duty Free ასევე, სთავაზობს Duty Free მომსახურებას მაკედონიის, ლატვიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის აეროპორტებში.