LIVE

Credit Suisse-მა გასულ კვარტალში $1.6 მილიარდი დაკარგა - ბანკს ახალი დირექტორი ჰყავს

27 ივლ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 389
Credit Suisse-მა გასულ კვარტალში $1.6 მილიარდი დაკარგა - ბანკს ახალი დირექტორი ჰყავს

Credit Suisse-მა ზედიზედ მესამე კვარტალური ზარალი გამოაქვეყნა, რაც შემცირებული საინვესტიციო საბანკო შემოსავლით და კლიენტების მიერ ბანკიდან ფულის გატანით არის გამოწვეული.

ციურიხში დაფუძნებულმა ბანკმა სამ თვეში 1,59 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის წმინდა ზარალი დააფიქსირა. დანაკარგები ძირითადად საინვესტიციო ბანკისა და სავაჭრო ბიზნესის ზარალს და გაზრდილ სასამართლო ხარჯებს უკავშირდება. ბანკმა ასევე დააფიქსირა 7,7 მილიარდი ფრანკის წმინდა გადინება, რაც ნიშნავს, რომ კლიენტები ნაკლებს ვაჭრობდნენ და კაპიტალის ბაზრების არასტაბილურობის საპასუხოდ ხარჯები შეამცირეს.

აღმასრულებელი დირექტორი თომას გოტშტაინი და თავმჯდომარე აქსელ ლემანი ბანკის მომგებიანობისკენ და სტაბილურობისკენ დაბრუნებას ცდილობენ. განსაკუთრებით ისეთი სკანდალების შემდეგ, როგორიცაა Archegos Capital Management-ის ჩამოშლა, რამაც ინვესტორთა ნდობა შეარყია, შეასუსტა ძირითადი ბიზნესები და გამოიწვია ტალანტის გადინება. ბანკი ასევე ცვლის მენეჯმენტსაც, გოტშტაინი 23 წლის შემდეგ გადადგა. ულრიხ კოერნერი, აქტივების მართვის ბიზნესის ხელმძღვანელი, ახალი აღმასრულებელი დირექტორი გახდება.

Credit Suisse-მა ივნისში განაცხადა, რომ ობლიგაციებისა და აქციების გამოშვების შემცირების და საკრედიტო სპრედის გაფართოების გამო ზარალს გამოაქვეყნებდა. ბანკის ბიზნესს ასევე აფერხებს აზიელი მდიდარი კლიენტების მიერ რისკებისგან დისტანცირება. გასული კვარტლის დანაკარგები ზარალის სერიის ნაწილია, რომელიც მზარდ სამართლებრივ ხარჯებს და გასული წლის ბოლოს 2 მილიარდი ფრანკის მოულოდნელ გაუფასურებას მოიცავს.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავა აქვს. ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია MKD-ის ინფორმაციით, ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, ბანკის ტრასტი სასამართლოს თანხმობის გარეშე, ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს. MKD ბანკს ივანიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. 

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი პრობლემები ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებთანაა კავშირში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარიონ ჰალფტერმეიერი