LIVE

ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ

26 ივლ 202215:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 900
ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნებმა მომავალი ზამთრისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შეთანხმებას მიაღწიეს. პარალელურად, რუსეთის მხრიდან მიწოდების სრული შეწყვეტა სულ უფრო სავარაუდო ხდება.

ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრამ ბრიუსელში მწვანე შუქი აუნთო წინადადებას, რომ ქვეყნების მიერ გაზის მოხმარება მომდევნო თვეების განმავლობაში ნებაყოფლობით შემცირდეს. ევროკავშირის გეგმა 15%-იანი შემცირების სამიზნეს სავალდებულოდ აქცევს საგანგებო სიტუაციებში, მაგალითად, როგორიცაა რუსეთიდან ნაკადების მნიშვნელოვანი შეფერხება. თუმცა, შეთანხმება უარის თქმის შესაძლებლობას ტოვებს განსაკუთრებით დაუცველი ან ბლოკის ქსელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეყნებისთვის.

ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გეგმის წინააღმდეგ მისცა ხმა უნგრეთი იყო, რის შესახებაც ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრმა კლოდ ტურმესმა Twitter-ზე დაწერა.

მიღწეული შეთანხმების ტემპი რუსეთიდან გაზის მიწოდების სწრაფად გაუარესებას ასახავს. საკვანძო Nord Stream 1 მილსადენის მიწოდება ოთხშაბათიდან სიმძლავრის დაახლოებით 20%-მდე შემცირდება. Gazprom-ის განცხადებით, კიდევ ერთი ტურბინა ემზადება ტექნიკური სამუშაოებისთვის, რომელიც ამოღებულ იქნება ექსპლუატაციიდან.

შეთანხმების შემდეგ, წესები ევროკავშირის კანონმდებლობაში უახლოეს დღეებში აისახება. ეს კიდევ უფრო აუარესებს შანსებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები გაზის მარაგის შევსების 80%-იან სამიზნეს მიაღწევენ.

ჩეხეთმა, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს ატარებს, კომისიის თავდაპირველ წინადადებაში გარკვეული ცვლილების შეტანის შეთავაზება გააკეთა. სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მეტი მოქნილობა სურდათ ნებისმიერი შემცირების მიზნის დასაკმაყოფილებლად. 

სხვა შესწორებები მოიცავდა ქვეყანაში გაზის მარაგების გათვალისწინებას, ასევე გარკვეული ინდუსტრიების გამონაკლისის სახით შენარჩუნებას. წესები მხოლოდ 1 წლის განმავლობაში იმოქმედებს, ნაცვლად ორისა, რომელიც თავდაპირველ დოკუმენტში იყო გათვლილი. წევრ ქვეყნებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ მოხმარების უფრო დაბალი სავალდებულო შემცირება გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ კომისიის შეფასებით, ევროკავშირისთვის რუსული გაზის მიწოდების შეჩერებამ შესაძლოა მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 1,5%-ით შეამციროს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ზამთარი ცივი იქნება, ხოლო რეგიონი ენერგიის დაზოგვის მიზნით პრევენციულ ზომებს ვერ მიიღებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ აინგერი