LIVE

VTB-ის ყიდვაზე მოთხოვნა არ შემოსულა - ეროვნული ბანკი

25 ივლ 202212:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 828
VTB-ის ყიდვაზე მოთხოვნა არ შემოსულა - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, VTB ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით სებ-ში მოთხოვნა არ შესულა.

როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, ბანკის ყიდვის ინტერესი არსებობს, თუმცა სებ-ს ამ ეტაპზე კონკრეტული სახელების გაცხადების უფლება არ აქვს.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ VTB ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ VTB ბანკი არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე",- აღნიშნულია სებ-ის მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" მოწოდებულ განმარტებაში. 

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო ბანკ „ვითიბის“ სანქციები დაუწესა, რაც საქართველოში მოქმედ „ვითიბი ბანკ საქართველოზეც“ გავრცელდა. შედეგად სანქცირებულმა ბანკმა საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი „ბაზისბანკს“, მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“ გადააბარა. 

მაისის დასაწყისში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ შესაძლოა „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ გაიყიდოს. „ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, ვინ აპირებს ბანკის ყიდვას და არის თუ არა მსურველებს შორის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ლეჟავამ აღნიშნა, რომ ბანკის ყიდვით რამდენიმე ჯგუფია დაინტერესებული, რომელთა ვინაობა კონფიდენციალურია.

აღსანიშნავია, რომ VTB მხოლოდ საქართველოს ტოვებს. როგორც რუსეთის სახელმწიფო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კოსტინმა Interfax-ს განუცხადა, ბანკი სხვა ბაზრებზე რჩება.