LIVE

WHO-მა მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო, საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

23 ივლ 202218:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 1384
WHO-მა მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო, საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO) ჯანდაცვის სფეროში მაიმუნის ყვავილის აფეთქების გამო, საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

ეს არის უმაღლესი გაფრთხილება, რომელიც WHO-ს შეუძლია გასცეს და მისი მიზეზი მსოფლიოში ინფექციის შემთხვევების ზრდაა. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" გადაწყვეტილება დაავადების შესახებ საგანგებო კომიტეტის მეორე შეხვედრის ბოლოს მიიღო.

WHO-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში დაავადების 16000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ხუთი ადამიანი.

გებრეისუსის თქმითვე, საგანგებო კომიტეტმა ვერ მიაღწია კონსენსუსს რეჟიმის გამოცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა, აფეთქების სწრაფი გავრცელების გათვალისწინებით, WHO-ს გენერალურმა დირექტორმა გადაწყვიტა, რომ მაიმუნის ყვავილი საერთაშორისო შეშფოთების საგანია. 

WHO-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დაავადების გადაცემის შესახებ ცნობილი ცოტა რამაა, რაც დაავადებას გავრცელების საშუალებას აძლევს.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მაიმუნის ყვავილის რისკი საშუალოა გლობალურად და ყველა რეგიონში, გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც ვაფასებთ რისკს, როგორც მაღალს", – განაცხადა გებრეისუსმა.

მისივე თქმით, საგანგებო რეჟიმის გამოცხადება ხელს შეუწყობს ვაქცინებზე მუშაობის დაჩქარებას და ვირუსის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებების განხორციელებას.

WHO გამოსცემს რეკომენდაციებს, რომლებიც ქვეყნებს დაეხმარება მიიღონ ზომები ვირუსის შესაკავებლად და რისკის ჯგუფში შემავალი პირების დასაცავად.   

"ეს არის აფეთქება, რომელიც შეიძლება შეჩერდეს სწორ ჯგუფებში სწორი სტრატეგიების მეშვეობით", - თქვა გებრეისუსმა.

ამჟამად მსოფლიოში მოქმედებს გადაუდებელი რეჟიმი ორ დაავადებასთან დაკავშირებით. ესენია კორონავირუსული პანდემია და მუდმივი ძალისხმევა პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელად.

საქართველოში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დადასტურდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ადამიანებს შორის კი ვირუსი ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.

მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა ცენტრალურ აფრიკაში 1950-იან წლებში დაფიქსირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დირდრე ჰიპველი