![რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილი - მნიშვნელოვანი ფაქტები](/uploads_script/articles/2022/05/23/r8t3dgih55c2pun.jpg)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ადამიანებს შორის კი ვირუსი ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
მაიმუნის ყვავილის კლინიკა ძირითადად ყვავილის კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (მეტწილად 7-14 დღე).
NCDC-ის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო) შემუშავებული აქვს მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია, რომლის საფუძველზეც ხდება, შესაძლო შემთხვევების, სავარაუდო შემთხვევებისა და დადასტურებული შემთხვევების დადგენა. ამ ეტაპზე ჯანმო-ს მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სავარაუდო შემთხვევების გამოვლენას.
„ჯანმო-ს მიერ შემუშავებულია მაიმუნის ყვავილის შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია:
შესაძლო შემთხვევა - ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მ.შ. ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად.
სავარაუდო შემთხვევა - შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებასთან თავსებადი შემთხვევა, რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
დადასტურებული შემთხვევა - კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევის შედეგად.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ჰომოსექსუალი, ან ბისექსუალია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის სექსუალური ორიენტაციის დადგენას. მათ ნაწილს აღენიშნება გამონაყარი გენიტალურ ან პერიანალურ არეებში. შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონტაქტებისა და დაავადების წყაროს დადგენის გარდა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ჩუტყვავილასთან, წითელასთან, მარტივ ჰერპესვირუსულ ინფექციასთან, სიფილისთან და სამკურნალო პრეპარატების მოხმარებით გამოწვეულ ალერგიასთან“, - აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 1970 წელს დაფიქსირდა.
2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (ძირითადად ევროპაში). ამ ადამიანებს არ ჰქონიათ მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც. მათივე ცნობით, მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.