LIVE

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების შემდეგ ხორბლისა და სიმინდის გლობალური ფასი შემცირდა

23 ივლ 202210:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1025
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების შემდეგ ხორბლისა და სიმინდის გლობალური ფასი შემცირდა
Jim Young/Reuters

ხორბლის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 8-თვიან მინიმუმამდე დაეცა სიმინდის ფასიც. ვარდნა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, რუსეთსა და უკრაინას შორის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების შედეგია.

შეთანხმების შედეგად გაიხსნება შავი ზღვის პორტები მარცვლეულის ექსპორტისთვის. თურქეთი შეამოწმებს გემებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი არ ატარებენ იარაღს.

შეთანხმება უდავოდ პოზიტიური სიგნალია მსოფლიოსთვის, რომელიც საკვების კრიზისის წინაშე დგას. 

ჩიკაგოში ხორბალი 5,9%-ით დაეცა და ბუშელზე $7,59-ს შეადგენდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თებერვლის დასაწყისიდან. სიმინდი 1.6%-ით, $5.6425-მდე დაეცა. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მილიონობით ტონა ხორბალი ბლოკირებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ოდენობა ექსპორტზე საგზაო და სარკინიგზო გზებით გავიდა, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მომხმარებლები იძულებულნი გახდნენ, სხვა იმპორტიორები მოეძებნათ, რამაც გაზარდა ფასები და გააუარესა სასურსათო უსაფრთხოება.

JPMorgan-ს უკრაინის შავი ზღვის ყველა პორტის ხელახლა გახსნის მოლოდინი ჰქონდა, განსაკუთრებით მიკოლაივის საკვანძო მარცვლეულის პორტის, რომელიც არ შედის შეთანხმებაში. ქალაქში ჯერ კიდევ აქტიური სამხედრო დაპირისპირებაა.

Hilltop Securities-ის სასაქონლო საკითხებში უფროსი სტრატეგის, უოლტერ კუნიშის თქმით, უკრაინას მომდევნო სამ-ექვს თვეში ძალიან დიდი ოდენობის ექსპორტი შეუძლია, რაც დამოკიდებული იქნება პორტებში შენახულ რაოდენობაზე, მარაგების ხარისხსა და სხვა საკითხებზე, როგორიცაა დაზღვევა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მარვინ ჯ. პერესი, აინ ქუინი და მაიკლ ჰირცერი