LIVE

Netflix-ი მილიონობით მომხმარებლის დაკარგვის შემდეგ ზრდის პერსპექტივას ხედავს

20 ივლ 202211:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 681
Netflix-ი მილიონობით მომხმარებლის დაკარგვის შემდეგ ზრდის პერსპექტივას ხედავს

2022 წლის პირველ ნახევარში მილიონზე მეტი მომხმარებლის დაკარგვის შემდეგ, Netflix-ს აქვს გზავნილი ინვესტორებისთვის: ვარდნა შესაძლოა გაცილებით დიდი ყოფილიყო.

ფასიანი სტრიმინგ სერვისის ლიდერმა მეორე კვარტალში 970,000 აბონენტი დაკარგა. ეს არის ნახევარზე ნაკლები იმისა, რასაც უოლ სტრიტი პროგნოზირებდა. პოზიტიური დინამიკა უმეტესწილად Stranger Things-ის ახალი სეზონის, ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი სერიების დამსახურებაა.

შედეგმა წაახალისა ინვესტორები, რომლებმაც აქციები 12%-მდე გაზარდეს გაფართოებულ ვაჭრობაში. მიმდინარე კვარტალში Netflix-ი ელოდება 1 მილიონი გამომწერის რეგისტრირებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 1,83 მილიონიან მაჩვენებელს, ის ანაზღაურებს წლის პირველი ნახევრის ზარალს.

გაზრდილი კონკურენციისა და შესაძლო რეცესიის შესახებ შეშფოთების მიუხედავად, Netflix-ი კვლავ დარწმუნებულია თავის პოზიციაში. კომპანიამ განაცხადა, რომ ტელევიზიის ნახვებში მისმა წილმა ივნისში ისტორიულ მაქსიმუმს, 7,7%-ს მიაღწია.

კომპანიის მენეჯმენტმა აბონენტთა ბაზის შემცირებას ხარჯების შეკვეცითა და სტრატეგიის კორექტირებით უპასუხა. Netflix-ი 2023 წლის დასაწყისში გეგმავს სერვისის უფრო იაფი, რეკლამით მხარდაჭერილი ვერსიის დანერგვას და სწავლობს გზებს, რომ დააკისროს კლიენტებს პაროლების გაზიარებაზე პასუხისმგებლობა.

მეორე კვარტალში შემოსავალი 8,6%-ით, $7,97 მილიარდამდე გაიზარდა. ეს ჩამოუვარდება უოლ სტრიტის $8,04 მილიარდიან პროგნოზს, ნაწილობრივ ძლიერი დოლარის გამო.

მიმდინარე კვარტალში Netflix-მა დაკარგა 1,3 მილიონი მომხმარებელი აშშ-სა და კანადაში, 770,000 - ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ეს არის ყველაზე მკვეთრი კვარტალური ვარდნა მას შემდეგ, რაც დაიწყო ინდივიდუალური შედეგების მიწოდება აღნიშნული ბაზრებიდან.

თუმცა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ზრდამ აანაზღაურა ვარდნა. Netflix-ს დაემატა 1,1 მილიონი მომხმარებელი აზიის წყნარ ოკეანეში, ინდოეთში ფასების შემცირების შემდეგ.

Netflix-მა ასევე დაიწყო შოუს ახალი ეპიზოდების ნაწილებად გამოშვება, რამაც დაარღვია სეზონის ყველა ეპიზოდის ერთდროულად გამოშვების ტრადიცია. მან გამოუშვა Stranger Things და Ozark-ის ბოლო სეზონი ორ ნაწილად. სტრატეგია საშუალებას აძლევს Netflix-ს, გაახანგრძლივოს თავისი ყველაზე დიდი შოუების სიცოცხლისუნარიანობა. 

"Stranger Things"-ის მეოთხე სეზონის პოპულარობამ Netflix-ის აღმასრულებლების მოლოდინს გადააჭარბა. ზებუნებრივი დრამა სერვისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო დებიუტის შემდეგ და ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ქალ მსახიობად აქცია.

Stranger Things-ის გამოშვების შემდეგ, Netflix-ს მეორე კვარტლის აბონენტებმა სერვისი მესამე კვარტალშიც გააგრძელეს სეზონის დასასრულებლად. კომპანია მიზნად ისახავს გადააქციოს ისეთი ჰიტები, როგორიცაა Stranger Things ფრენჩაიზებად, რომლებსაც შეუძლიათ გადააჭარბონ ნებისმიერ შოუს. შოუს შემქმნელები ამუშავებენ სპინ-ოფ სერიას და Netflix-მა ასევე გამოაცხადა ბროდვეის პიესების გადაღების გეგმები. Netflix-მა ასევე განაცხადა, რომ შეიძენს Animal Logic-ს, ავსტრალიურ ანიმაციურ სტუდიას, რომელიც მუშაობდა Lego Movie-ზე.

მეორე კვარტალში აბონენტთა საერთო რაოდენობამ 220,7 მილიონი შეადგინა. ერთ აქციაზე $3.20-იანმა მოგებამ გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს. მიმდინარე კვარტალში, Netflix-ი პროგნოზირებს $7,84 მილიარდიან შემოსავალს, რაც ნაკლებია უოლ სტრიტის $8,1 მილიარდის პროგნოზთან. კომპანია ელის $2,14-ის მოგებას თითო აქციაზე და ამბობს, რომ აბონენტების რაოდენობა 221,7 მილიონს მიაღწევს, რაც ასევე ჩამოუვარდება პროგნოზებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ