LIVE

ლონდონში უფრო მეტ სიცხეს ელიან, ვიდრე კარიბებზე ან საჰარაში

18 ივლ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1042
ლონდონში უფრო მეტ სიცხეს ელიან, ვიდრე კარიბებზე ან საჰარაში

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ლონდონი უფრო ცხელი იქნება, ვიდრე კარიბები, დასავლეთ საჰარა და ევროპის პოპულარული ტურისტული ადგილები. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 38C გრადუსს მიაღწევს.

ტემპერატურის მატების გამო, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ გამოსცა სიცხისა და ჯანმრთელობის შესახებ მე-4 დონის გაფრთხილება, რომელიც შეფასებულია, როგორც გადაუდებელი ზომა. ამასთან, ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, არსებობის ისტორიის მანძილზე, პირველად გამოაცხადა საფრთხის "წითელი" დონე. ორივე გაფრთხილება მოქმედებს დღეიდან მიმდინარე კვირის ოთხშაბათამდე. 

ლონდონში უფრო მეტ სიცხეს მოელიან, ვიდრე ნასაუში ბაჰამის კუნძულებზე (32C), კინგსტონში იამაიკაზე (33C), ესპანეთში მალაგაზე (28C), საბერძნეთში ათენში (35C), ალბუფეირაზე პორტუგალიაში (28C) და დახლაში, დასავლეთ საჰარაზე (24C).

ინგლისის სხვა რაიონებში ასევე უფრო ცხელი ამინდი იქნება. მიდლენდსში ვარაუდობენ, რომ მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 37C გრადუსი, აღმოსავლეთ ინგლისში - 36C, ხოლო ჩრდილო-დასავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში 33C გრადუსს ელიან.

გუშინ უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ჩრდილოეთ უელსში 33C, ხოლო  ჩრდილოეთ ირლანდიაში მაქსიმალურმა ტემპერატურამ 27.7C-ს მიაღწია. 

მოსალოდნელია, რომ ხვალ კიდევ უფრო დაცხება და ჰაერის ტემპერატურა 40C გრადუსამდე აიწევს, რაც ინგლისისთვის ახალი რეკორდი იქნება. ამ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში რეკორდულად მაღალი, 38.7C გრადუსი კემბრიჯში 2019 წელს დაფიქსირდა.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ 40C პროგნოზი კლიმატის ცვლილების შედეგია და 40C-იანი მაჩვენებლის დაფიქსირების "ალბათობა შეიძლება 10-ჯერ მეტი იყოს ამჟამინდელ კლიმატში, ვიდრე ის იქნებოდა ბუნებრივ, ადამიანის გავლენისგან თავისუფალ პირობებში".

სარკინიგზო კომპანიებმა ხალხს მოუწოდეს, არ იმოგზაურონ ორშაბათს და სამშაბათს, ხოლო ზოგიერთმა სკოლამ, მათ შორის ნოტინგემშირსა და ჰემფშირში, დაადასტურა, რომ სიცხის გამო, დაიხურება. 

ბრიტანელებს მოუწოდებენ, დღის ყველაზე ცხელ დროს არ გამოვიდნენ გარეთ, ატარონ მზისგან დამცავი კრემი, ქუდი, დარჩნენ ჩრდილში და მიიღონ წყალი.

გაძლიერებული ძალით მუშაობს საგანგებო დახმარების სამსახურები. ისინი ხალხს მოუწოდებენ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ გაგრილების დროსაც. გუშინ დილით პოლიციამ 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვა, რომელიც მეგობრებთან ერთად ცურავდა. ამავდროულად მიმდინარეობს ნორთამბერლენდის მდინარეში მცურავი მამაკაცის ძიება. 

ევროპის მასშტაბით უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის პირობებში, გაიზარდა სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა. ზაფხულის მეორე სიცხის ტალღის დროს ესპანეთში 43 გრადუსი დაფიქსირდა. Carlos III Institute-ის მიხედვით, რომელიც ქვეყანაში ტემპერატურასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას აფიქსირებს, 10 ივლისიდან 15 ივლისამდე პერიოდში მაღალი ტემპერატურის გამო, ესპანეთში 360 ადამიანი დაიღუპა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია