LIVE

კონკურენციის გაზრდა, პროცენტის შემცირება - რას მოიტანს მიკრო ბანკების გაჩენა

04 ივლ 202216:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 1182
კონკურენციის გაზრდა, პროცენტის შემცირება - რას მოიტანს მიკრო ბანკების გაჩენა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოში მიკრო ბანკები ძირითადად მცირე მეწარმეებსა და სოფლის მეურნეობის სექტორს დააფინანსებენ.

მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში მიკრო ბანკების გაჩენის შედეგად, სესხის საპროცენტო განაკვეთების შემცირება და კონკურენციის ზრდაა მოსალოდნელი.

„თუ ბანკების შემთხვევაში საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 50 მლნ ლარია, მიკრო ბანკებისთვის 10 მლნ ლარი იქნება. საზედამხედველო ფუნქციები შედარებით გამარტივებული იქნება, ვიდრე ბანკებს აქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ დაფინანსების ძირითადი სეგმენტი მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობის სექტორია. შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, რომ მიკრო ბანკის სტატუსი მიიღონ და უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით დააფინანსონ მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყონ ახალი დაკრედიტების შესაძლებლობები. ბუნებრივია, მიკრო ბანკების რეგისტრაციის შემდეგ, ამ სექტორში კონკურენცია გაიზრდება. ამან ასევე აუცილებლად გავლენა უნდა იქონიოს საპროცენტო განაკვეთებზე, რადგან ერთი მხრივ, მათ შედარებით იაფი რესურსი გაუჩნდებათ, მეორე მხრივ კი, კონკურენცია უზრუნველყოფს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ ერთობლივად მომზადებული „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს მთავრობამ განიხილა. მინისტრის განმარტებით, მიმკრო ბანკებს ზედამხედველობას ეროვნული ბანკი გაუწევს. 

„მიკრო ბანკები საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი იქნებიან. მათ ზედამხედველობას სრულად გაუწევს ეროვნული ბანკი, როგორც სხვა ბანკებთან მიმართებაში. მიკრო ბანკებს შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო ექნებათ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

„მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება.