LIVE

უახლოეს კვირებში playstation 5-ის ფასები გასამმაგდება - iPlus

01 ივლ 202215:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 1415
უახლოეს კვირებში playstation 5-ის ფასები გასამმაგდება - iPlus

playstation 5 გლობალურად დეფიციტშია, რაც შესაძლოა მომდევნო წლამდე გაგრძელდეს. Sony-ი კომპონენტების დეფიციტის და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების ფონზე გამოწვევების წინაშე დგას, რამაც შესაძლოა წარმოებას ხელი შეუშალოს. კომპანია წელს 18 მილიონი კონსოლის გაყიდვას გეგმავს.

როგორც iPlus-ის დირექტორი, კახა სეფაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ჯერჯერობით მარაგები არის, რადგან sony-მ რუსეთისთვის განკუთვნილი მარაგების ნაწილი საქართველოში გადმოამისამართა, თუმცა ამოწურვის შემდეგ, მინიმუმ 4 თვე, playstation 5 ბაზარზე ვერ გაიყიდება.

"უცხოელები რომ შემოდიან მაღაზიაში და ხედავენ, რომ გაყიდვაში გვაქვს playstation 5-ის მოდელები, ძალიან გაკვირვებულები არიან. გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდებზეც კი ვეღარ ნახავთ. ამ პრობლემის გამო გადამყიდველები ტექნიკას სამმაგ ფასადაც კი ყიდიან. 

ამჟამად ჩვენ მარაგები გვაქვს კონკრეტული მიზეზის გამო. კერძოდ, მას შემდეგ რაც sony-მ რუსეთის ბაზარი უკრაინაში ომისა და სანქციების გამო დატოვა, დაგვიკავშირდა ჩვენ, ასევე ლიეტუველ და ლატვიელ პარტნიორებს. შედგა მოლაპარაკება, რომ პროდუქცია რომელიც ამ თვეებში უნდა გასულიყო რუსეთში, გამოგვიგზავნიდნენ ჩვენ. აღსანიშნავია, რომ მთლიანი პროდუქციის 65% სწორედ საქართველოში გაიყიდა, ანუ უფრო მეტი გავყიდეთ ვიდრე მაგალითად ლატვიამ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ესაა ბოლო იმპორტი, რომლის გაყიდვაც სულ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. შემდგომ კი მინიმუმ 3-4 თვე playstation 5-ის მარაგებს აღარ ველოდებით",- ამბობს კახა სეფაშვილი. 

რაც შეეხება ფასებს, გლობალურად შექმნილი დეფიციტისა და ასევე მიწოდების პრობლემის გამო, iPlus-ის დირექტორი ფასების ზრდას უკვე უახლოეს კვირებში ელოდება.

"სანამ მარაგები არსებობს, ფასები სტაბილურია. თუმცა უკვე რამდენიმე კვირაშია, ბუნებრივია, მარაგების ამოწურვის გამო მოთხოვნა გაიზრდება და ფასიც მინიმუმ გასამმაგდება. ხშირია შემთხვევები, როცა ე.წ. გადამყიდველები ჩვენთან ან რომელიმე სხვა მაღაზიაში პროდუქციას შეიძენენ და შემდგომ მაგალითად, Mymarket.ge-ზე მინიმუმ სამჯერ ძვირად იყიდება. ამ რისკისგან თავის დაზღვევის მიზნით ახლა ერთ მყიდველზე მხოლოდ ერთ პროდუქტს ვყიდით",- განმარტავს კახა სეფაშვილი.