Sony-ი კომპონენტების დეფიციტის და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების ფონზე ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რამაც შესაძლოა PlayStation 5-ის წარმოებას ხელი შეუშალოს.
ტოკიოში დაფუძნებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ მარტში დასრულებული ფისკალური წლის განმავლობაში 11.5 მილიონი ერთეული გაყიდა. კომპანიის მიზანია მიმდინარე ფისკალური წლის განმავლობაში დაახლოებით 18 მილიონი მოწყობილობა გაყიდოს, რომლის ფასი $500-ს შეადგენს. ორივე რიცხვი მკვეთრად ჩამოუვარდება თავდაპირველ სამიზნე მაჩვენებლებს 14.8 მილიონს წინა ფისკალური წლისთვის, ხოლო 22.6 მილიონს მიმდინარე წლისთვის.
კომპანიის აღმასრულებელმა ფინანსურმა დირექტორმა ჰიროკი ტოტოკიმ განაცხადა, რომ დაბალი სამიზნე გაყიდვები მიმდინარე წლისთვის მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს უკავშირდება, რომელიც Covid-19-ის პანდემიის გავლენით დაზარალდა. შანხაი, რომელიც ტექნოლოგიური წარმოების ცენტრია, აპრილის დასაწყისიდან ძირითადად ლოკდაუნების პირობებში ფუნქციონირებს.
Sony-მ ასევე გამოაქვეყნა ოპერაციული მოგება მეოთხე ფისკალური კვარტლისთვის, რომელიც ანალიტიკოსების პროგნოზებს ჩამოუვარდებოდა.
აღსანიშნავია, რომ PlayStation 5 კომპონენტების ნაკლებობას და ლოჯისტიკურ შეფერხებებს 2020 წლის ნოემბერში პროდუქტის თავდაპირველი გამოშვებიდან განიცდის. გარე ფირმების მონაცემების მიხედვით, Microsoft-ის Xbox-ი ბოლო თვეების განმავლობაში PlayStation-ს ჯობნის.
Sony-ის აქციების ფასი მიმდინარე წელს 27%-ით დაეცა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტაკაში მოჩიზუკი