LIVE

Tesla Video Media-ს მომხმარებლების თანხები დაკარგულია - ავთანდილ კუჭავა

29 ივნ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 36635
Tesla Video Media-ს მომხმარებლების თანხები დაკარგულია - ავთანდილ კუჭავა

რამდენიმე დღეა, Tesla Video Media-ს მომხმარებლები ანგარიშებიდან თანხის გატანას ვერ ახერხებენ. „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მომხმარებლებს ანგარიშებზე წვდომა აღარ აღუდგებათ და მათი თანხა დაკარგულია.

მისი განმარტებით, ბოლო სამ დღეზე ნაკლებ პერიოდში, ვებგვერდის ანგარიშიდან Tesla Media-ს მხოლოდ 2 კრიპტო მისამართზე $11 მილიონია გადატანილი. 

„ეს კლასიკური პირამიდაა. თუ რეფერალები არ შედიან, ჯაჭვი არ იკვრება და შესაბამისად, ბაზარი არ იზრდება, ასეთი საიტები ქრება. მომხმარებელს ანგარიშებზე წვდომა არ აღუდგებათ. მათი თანხები დაკარგულია. საიტიდან ფულს ვერავინ მიიღებს, რადგან თანხა საფულეზეა გადატანილი, რომელზეც, რა თქმა უნდა, მომხმარებელს წვდომა არ აქვს. ჩვენს მიერ ნაპოვნ მხოლოდ 2 კრიპტო მისამართზე, რომელიც მათ ეკუთვნით, ბოლო სამ დღეზე ნაკლებ პერიოდში 11 მლნ დოლარია გადატანილი. ეს დიდი ალბათობით მომხმარებლების თანხაა", - აცხადებს ავთანდილ კუჭავა.

მისი თქმით, „კრიპტო ბაზარი“ დღეს ოფიციალურად მიმართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟა Bybit-ს, რომ საეჭვო ტრონის მისამართები, სადაც თანხა ირიცხება, შავ სიაში შეიტანოს.

„ამ ორ კრიპტო მისამართს Bybit-ს გადავცემთ. ის მონიშნავს მისამართებს და შესაბამისად, Bybit-ზე გადარიცხვები ვერ მოხდება. შემოწმების შემდეგ, როცა Bybit-ი დარწმუნდება, რომ ამ საფულეებზე თანხები პირამიდული სქემითაა მიზიდული, მათი ბირჟის მეშვეობით ფულის გატანა შეუძლებელი იქნება. ეს ინფორმაცია ექნება ყველა ბირჟას და ვინც ბაზარზე ნორმალურად ოპერირებს, ამ თანხის განაღდების შესაძლებლობას შეზღუდავს“, - აღნიშნა ავთანდილ კუჭავამ.

Tesla Video Media-ს მომხმარებელი ბევრ ქვეყანაში ჰყავს, თუმცა ვებგვერდი განსაკუთრებით პოპულარული განვითარებად ქვეყნებშია. ავთანდილ კუჭავას განცხადებით, ვებგვერდის მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ქართველები არიან. შესაბამისად, თუ ანგარიშებზე წვდომა არ აღდგება, ყველაზე მეტად სწორედ ქართველი მომხმარებლები დაზარალდებიან. აღსანიშნავია, რომ Tesla Video Media-ზე ბევრი არასრულწლოვანია დარეგისტრირებული.

„ვებგვერდის მომხმარებელთა 75-80% ქართველია. იმ თანხის დიდი ნაწილი, რაც Tesla Video Media-მ საკუთარ კრიპტო მისამართზე გადაიტანა, ქართველი მომხმარებლებისაა“, - აცხადებს ავთანდილ კუჭავა.

შეგახსენებთ, ვებგვერდი Tesla Video Media მომხმარებელს გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ, ფულის შოვნას მარტივი გზით სთავაზობს, თუმცა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი საიტი გაითიშოს, ან მომხმარებელს ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდოთ. უცნობია, ვინ დგას ვებგვერდის უკან. 

ავთანდილ კუჭავა მომხმარებლებს ურჩევს, Tesla Video Media-ს მიერ ფულის მოპარვასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართონ. „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებლის განცხადებით, გამოძიების დაწყების შემდეგ ვებგვერდს ფულის მითვისება უფრო ძვირი დაუჯდება.