LIVE

პოპულარული პროდუქტები მთელ მსოფლიოში დეფიციტური ხდება

19 ივნ 202218:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 717
პოპულარული პროდუქტები მთელ მსოფლიოში დეფიციტური ხდება

რესტორნებში და სასურსათო მაღაზიების თაროებზე, პოპკორნიდან სრირაჩამდე, პოპულარული საკვები პროდუქტების დეფიციტია. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს მიწოდების ჯაჭვები კვლავ ზეწოლის ქვეშაა.

ძნელად საპოვნელი პროდუქტების სიაში ერთ-ერთი უახლესი დამატება სრირაჩაა. საკულტო სოუსის მწარმოებელი, Huy Fong Foods იძულებული გახდა ჩილის წიწაკის ნაკლებობის გამო წარმოება დროებით შეეჩერებინა. მომხმარებლები მარაგის შეგროვებას ჩქარობენ, ზოგი კი ამას წლის ყველაზე ცუდ ამბად გლოვობს.

ბოთლების დეფიციტს განიცდიან ლუდის მოყვარულები გერმანიაში, რაც ნაწილობრივ უკრაინაში ომს უკავშირდება, რომელიც ლუდსახარშებს მინით ამარაგებს. ალკოჰოლის მოყვარულ ქვეყანაში ლუდსახარშები, რომლებიც ელექტროენერგიასა და ქერში მეტს უკვე იხდიან, მომხმარებლებს მოუწოდებენ ცარიელი ბოთლები დააბრუნონ.

პოპკორნის ნაკლებობა შეერთებულ შტატებში ასევე გახდა კინომაყურებლების შეშფოთების წყარო. დეფიციტურია არა მხოლოდ კონტეინერები, ფერმერებმა შესაძლოა საერთოდ უარი თქვან სიმინდის მოყვანაზე და უფრო მომგებიან კულტურებზე გადავიდნენ.

გართულდა ზოგიერთი ბოსტნეულის მოპოვებაც. ავსტრალიაში სალათის დეფიციტმა KFC-ი აიძულა ბურგერებში კომბოსტო გამოეყენებინა. სწრაფი კვების გიგანტმა მიზეზად წლის დასაწყისში ზოგიერთ რაიონში ძლიერი წყალდიდობის შემდეგ მიწოდების ჯაჭვის შეფერხება დაასახელა.

მედიაში მოხვდა კიდევ ერთი სწრაფი კვების ქსელი. McDonald’s-მა კარტოფილის გლობალური დეფიციტის გამო ზოგიერთ ქვეყანაში დიდი ზომის კარტოფილი ფრის გაყიდვა შეაჩერა, რაც ასევე მიწოდების ჯაჭვებთან და შენელებულ გადაზიდვებთან იყო კავშირში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სინგ ი ონგი