LIVE

სალათის ფურცლის დეფიციტის გამო, KFC ბურგერში კომბოსტოს დებს

08 ივნ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 842
სალათის ფურცლის დეფიციტის გამო, KFC ბურგერში კომბოსტოს დებს

ავსტრალია სალათის ფურცლის დეფიციტის წინაშე დგას, რამაც პროდუქტის გაძვირება გამოიწვია, სწრაფი კვების გიგანტი KFC კი იძულებული გახდა, რომ ბურგერში სალათა ნაწილობრივ კომბოსტოთი ჩაენაცვლებინა. 

კომპანიამ მომხმარებლებს უკვე შეატყობინა, რომ თავის რესტორნებში სალათის ფოთლისა და კომბოსტოს ნაზავს გამოიყენებს. მიწოდების ჯაჭვის შეფერხება წლის დასაწყისში ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე წყალდიდობის შედეგად მოსავლის განადგურებამ გამოიწვია. 

გაზრდილი ფასი საგრძნობია მომხმარებლებისთვისაც. მყიდველები სოციალურ მედიაში წერენ, რომ სალათა აისბერგის თავში დაახლოებით $8.61-ს იხდიან. გაძვირებულია სხვა პროდუქტიც. მაგალითად, საზამთროს ფასმა დაახლოებით $18-ს მიაღწია. 

მიწოდების შეფერხების გამო, KFC Australia-ს მიმდინარე წელს უკვე მეორედ აღმოჩნდა ძირითადი ინგრედიენტის დეფიციტის წინაშე. იანვარში მას მენიუს შემცირება ქათმის დეფიციტის გამო მოუხდა. 

ავსტრალიის მთავრობის შეფასებით, ავსტრალიაში ხილისა და ბოსტნეულის გაძვირება ძირითადად გამოწვეულია კლიმატური მოვლენებით, როგორიცაა წყალდიდობა. ამასთან, ქვეყანა ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიასთან დაკავშირებულ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებს, მუშახელის მუდმივ დეფიციტსა და ტექნიკაზე წვდომის სიმცირეს. 

მთავრობა მოელის, რომ წარმოების განახლებისა და მიწოდების შეფერხების აღმოფხვრის შემდეგ, ხილისა და ბოსტნეულის ფასები დაუბრუნდება იმ მაჩვენებლებს, რაც ნორმალურ პირობებში იყო, თუმცა, 2022-23 წლებში მიწოდების ჯაჭვის თითქმის ყველა ასპექტი ინფლაციის ზეწოლას განიცდის. 

პირველ კვარტალში ავსტრალიაში ხილისა და ბოსტნეულის სამომხმარებლო ფასები მკვეთრად - 4.9% და 6.6%-ით გაიზარდა. 

ამ მხრივ, ავსტრალია, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების მთავარი ექსპორტიორი ქვეყანაა, გამონაკლისი არ არის. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ დააზიანა გლობალური მიწოდების ჯაჭვები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური სურსათის ფასების ინდიკატორი რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასა და რუსეთზე ხორბლის გლობალური ექსპორტის დაახლოებით 30% და სიმინდის ექსპორტის 20% მოდის, FAO ვარაუდობს, რომ შექმნილი დეფიციტი გახანგრძლივდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიბილა გროსი