2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 31 700 ტონა იმპორტირებული ფქვილი მოიხმარა. იმპორტის 99.1% რუსეთიდან განხორციელდა. ამის შესახებ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ (GFA) მიერ გამოქვეყნებულ ხორბლის ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.
მკვლევარების განცხადებით, ქვეყანაში 2021 წლიდან ხორბლის იმპორტის ფქვილით ჩანაცვლების ტენდენცია შეინიშნება.
„ჩანაცვლების მთავარ მიზეზად შესაძლოა რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადი ჩაითვალოს, რაც არ ვრცელდება ფქვილზე.
როგორც წისქვილკომიბანტები აცხადებენ, იმპორტიორებისთვის პრობლემას წარმოადგენს არაპროგნოზირებადი სუბსიდირება ხორბლის იმპორტზე, რაც წისქვილების მუშაობას არარენტაბელურს ხდის და ფქვილის იმპორტს ამჯობინებენ. თუმცა, იმპორტირებული ფქვილი, რომლის ტრანსპორტირებაც სატვირთო მანქანებით ხდება, დაბალი ხარისხით გამოირჩევა. დაბალი ხარისხის გარდა, ფქვილი ხორბალთან შედარებით, მალფუჭებადი პროდუქტია, რაც სასურსათო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს“, - აცხადებენ GFA-ში.
მკვლევარების შეფასებით, ვინაიდან რუსეთი იმპორტზე დამოკიდებულებას პოლიტიკური მიზნებისთვის ხშირად იყენებს, სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად, მნიშვნელოვანია, ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულება შემცირდეს.
„რუსეთის ფედერაცია ხშირად იყენებს იმპორტზე დამოკიდებულებას პოლიტიკური მიზნებით, რის შედეგადაც გარკვეული ქვეყნები ათწლეულების მანძილზე გამოუვალ მდგომარეობაში ხვდებიან. საქართველოს შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დამატებით პრობლემატურს ხდის ამ დამოკიდებულებას. სიტუაციას ასევე ამწვავებს ამჟამინდელი ომი უკრაინაში და რუსეთზე დაწესებული სანქციები, რომლის რიცხვიც დღითიდღე იზრდება. აქედან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს რუსულ ხორბალსა და ფქვილზე უარის თქმა კერძო სექტორისთვის (წისქვილკომბინატები, პურსაცხობები) არარენტაბელურია“, - აცხადებენ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში".
აღსანიშნავია, რომ ფქვილის ფასის ნაწილში, რუსეთი კონკურენციას ბევრ ქვეყანას უწევს.
ხორბლის იმპორტის გარკვეულწილად ჩანაცვლების ალტერნატივად მკვლევარები ადგილობრივი წარმოების გაზრდას ასახელებენ.
საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობი საშუალოდ, 45-50 ათასი ჰექტარია. განსხვავებით ნათესი ფართობისგან, ხორბლის მოსავალი შედარებით მზარდია, და 2021 წელს 136.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 33%-ით აღემატება.
„გაზრდილი მოსავალი ძირითადად მაღალი საშუალო მოსავლიანობისგან მომდინარეობს - 2021 წელს ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 1 ჰექტარზე 2.7 ტონა შეადგინა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 20 წლის განმავლობაში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ხორბალი უმეტესწილად საფურაჟედ გამოიყენება (პირუტყვის საკვებად), ამდენად მისი ხარისხის გაუმჯობესება ძალზედ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავენ GFA-ში.
მკვლევარების განცხადებით, იმისათვის, რომ ხორბლის ადგილობრივი მოსავალი რაოდენობრივად და ხარისხობრივად გაიზარდოს, მნიშვნელოვანია დარგის განვითარების სწორი სტრატეგიისა და თანმიმდევრული სამოქმედო გეგმის დასახვა. სტრატეგია კი უნდა მოიცავდეს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა:
- მიწის ბაზრის განვითარება, კერძოდ:
* მიწის კადასტრის სრულყოფა;
* სახელმწიფო მიწების გასხვისება (პრივატიზაცია ან იჯარა);
* მიწის ნაკვეთების კონსოლიდაცია/გამსხვილების და მიწების დამუშავების ხელშეწყობა;
- ირიგაციისა და თანამედროვე სარწყავი ინფრასტრუქტურის თანადაფინანსება;
- უხვმოსავლიანი სათესლე მასალისა და ყანების მოვლის საშუალებების შეთავაზება (სასუქები, შხამ-ქიმიკატები);
- თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების წახალისება (ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მონაცემთა ანალიზის ტექნოლოგიები და ა.შ.);
- მოსავლის აღების შემდგომი თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა (სასაწყობე ფართები და შემნახველი ამწეები);
- მოსავლის აღების შემდგომ მავნე მინდვრის გადაწვის პრაქტიკის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები;
- ქარსაფარი ზოლების გაშენება და მსგავსი ღონისძიებები, რაც დაეხმარება მემცენარეობის დარგს, რომ აწარმოოს უფრო მეტი ერთეულზე ნაკლები დანახარჯით (მასშტაბის ეკონომიის გამოყენებით);
- ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება (აბორიგენული ჯიშების გავრცელების მხარდაჭერა) და სხვა.
შეგახსენებთ, ხორბლის გაძვირების გამო ფქვილის იმპორტზე გადასვლამ, საქართველოში პრობლემა შეუქმნა წისქვილკომბინატებს. „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მაისში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რომ წისქვილები გაჩერებულია და ქვეყანაში ხორბლის მარაგები მინიმალურია.