
Bloomberg-ის ინფორმაციით, Deutsche Bank-ს ასობით IT თანამშრომელი რუსეთიდან გერმანიაში, ბერლინში გადაჰყავს. გერმანული ბანკი რუსეთში ტექნოლოგიური ცენტრის პოტენციური დახურვისთვის ემზადება.
ბანკმა მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან გადაყვანა 1 500 თანამშრომელს შესთავაზა.
Deutsche Bank-ის ფინანსურმა დირექტორმა, ჯეიმს ფონ მოლტკემ აპრილში განუცხადა Bloomberg TV-ს, რომ კრედიტორმა თანამშრომლების რუსეთიდან გაყვანა დაიწყო. კომპანიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო Goldman Sachs-მა და მოსკოვიდან ზოგიერთი თანამშრომელი დუბაიში გადაიყვანა.
საერთაშორისო ბანკების უმეტესობას რუსეთში ნაკლები თანამშრომელი ჰყავს, ვიდრე Deutsche Bank-ს, რომელსაც გასული წლის ბოლოს ქვეყანაში 1 700 თანამშრომელი ჰყავდა. მათი უმეტესობა IT ცენტრში მუშაობდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტივენ არონსი