Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ Twitter-ი, ყალბი ანგარიშების შესახებ მისი მოთხოვნის უპასუხოდ დატოვებით, შეთანხმებას არღვევს. მასკის მიერ სოციალური ქსელის გადაბარების საგაში ამ უკანასკნელი განვითარების შემდეგ, Twitter-ის აქციები ნიუ-იორკის ვაჭრობაში დღეს დილით დაახლოებით 5%-ით დაეცა.
მასკის რწმენით, Twitter-ი აქტიურად ეწინააღმდეგება და აფერხებს მის უფლებებს ინფორმაციაზე წვდომის შესახებ, რასაც კომპანია ინფორმაციის გამჟღავნებაზე უარის თქმით აკეთებს. გასულ თვეში მასკმა ასევე განაცხადა, რომ $44 მილიარდიან გარიგებას ბოლომდე არ მიიყვანდა, თუ სოციალური ქსელი არ დაამტკიცებდა, რომ ბოტები მისი მომხმარებლის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს. მასკის ვარაუდით, ყალბი ანგარიშები Twitter-ის მომხმარებლის სულ მცირე 20%-ია.
Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი მასკს ბოტების შესახებ საჯაროდ გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ კომპანიაში რეალური ადამიანები ამოწმებენ ათასობით ანგარიშს, რათა ბოტების გავრცელების მასშტაბი დადგინდეს. აგრავალმა ასევე დასძინა, რომ კონფიდენციალურობის გამო მეტ დეტალს ვერ გაასაჯაროებს.
დოკუმენტში, რომელიც დღეს გავრცელდა, მასკი კატეგორიულად არ ეთანხმება კომპანიის შეფასებებს.
მილიარდერი თვლის, რომ კომპანიის უარი მეტი ინფორმაციის მიწოდებაზე არის შერწყმის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევა. დოკუმენტის მიხედვით, ის იტოვებს ყველა უფლებას, მათ შორის უფლებას, არ დაასრულოს ტრანზაქცია და შეწყვიტოს შერწყმის ხელშეკრულება.
Twitter-ის ბორდმა ასევე განაცხადა, რომ ის გეგმავს გარიგების პირობების აღსრულებას და რომ ტრანზაქციის განხორციელება ყველა აქციონერის საუკეთესო ინტერესში შედის.
აღსანიშნავია, რომ გარიგება მოიცავს $1 მილიარდიან შეწყვეტის ღირებულებას ორივე მხარისთვის, თუმცა მასკს მისი შეწყვეტა მხოლოდ ამ გადახდით მაინც არ შეუძლია.
გარიგება ასევე მოიცავს კონკრეტულ დებულებას, რომელიც ნებას რთავს Twitter-ს მასკს გარიგების დასრულება აიძულოს. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თუ გარიგება სასამართლომდე მივა, მასკი მიიღებს გარიგების დასრულების ბრძანებას, ნაცვლად მონეტარული კომპენსაციის გადახდისა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მოლი შუატსი