
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის პირველი თანამგზავრი კოსმოსში გაუშვეს. სატელიტი მოთავსებული იყო SpaceX-ის რაკეტაზე, რომელიც გუშინ ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალის საჰაერო ძალების სადგურიდან გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" სომხური რედაქცია ავრცელებს.
"სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები სომხეთში გამოყენებული იქნება საზღვრის კონტროლის, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მართვის, კლიმატის ცვლილების მონიტორინგის ჩათვლით, გარემოს დაცვის, ურბანული განვითარების, გზების მშენებლობის, გეოლოგიის და სხვა მიზნებისთვის", - განაცხადა ფაშინიანმა კაბინეტის ყოველკვირეულ სხდომაზე.
ფაშინიანის თქმით, თანამგზავრის გაშვება სომხური სახელმწიფო კომპანია Geocosmos-სა და Satlantis-ს შორის თანამშრომლობის შედეგი იყო. Satlantis ესპანური ფირმაა, რომელიც მცირე თანამგზავრებსა და კამერებს აწარმოებს.
ფაშინიანს გარიგების ფინანსურ პირობებსა და თანამგზავრის ტექნიკურ პარამეტრებზე არ უსაუბრია.
სომხეთმა 2012 წელს რუსეთის ფედერალურ კოსმოსურ სააგენტოსთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პირველი კომერციული თანამგზავრის გაშვებას გეგმავდა, თუმცა მაშინ პროექტის განხორციელება არ მოხერხდა.
ფაშინიანს არ განუმარტავს, ამჯერად რატომ შეაჩერეს არჩევანი განსხვავებულ, უფრო მცირე მასშტაბის კოსმოსურ პროექტზე და რატომ გადაწყვიტეს რუსულის ნაცვლად, დასავლურ კომპანიებთან თანამშრომლობა.
აზერბაიჯანმა პირველი საკომუნიკაციო და სადამკვირვებლო თანამგზავრი კოსმოსში 2013 წელს გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ სატელიტური სურათები 2020 წლის ომის დროს მთიან ყარაბაღში შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენა.