LIVE

სალომე ზურაბიშვილი: ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა

26 მაი 202213:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 715
სალომე ზურაბიშვილი: ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპისკენ მიმავალ გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა.

როგორც ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ უდიდეს ისტორიულ შანსთან ერთად, საქართველო არანაკლებ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას.

„დღეს პირველად, რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები და არც მომავალი თაობები გვაპატიებენ. სამაგიეროდ, ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიაში უნიკალურ ადგილსა და დაფასებას.

ამ უდიდეს ისტორიულ შანსთან ერთად, საქართველო არანაკლებ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინის ომი შუაგულ ევროპაში, გვახსენებს საქართველოს მიერ ამ საუკუნეში არაერთხელ განვლილ ომებსა და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით, რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინის დამსახურებაა.

„კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლით და ტანჯვით მიღწეული. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა მსოფლიოს აჩვენეს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითები. პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, რამეთუ ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.