LIVE

ქვეყნის ფისკალური რისკების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო სახელმწიფო საწარმოებია - აუდიტი

25 მაი 202217:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 930
ქვეყნის ფისკალური რისკების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო სახელმწიფო საწარმოებია - აუდიტი

ქვეყნის წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო სახელმწიფო საწარმოებია, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებულ მოხსენებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, საწარმოებიდან მომდინარე რისკები ძირითადად დაკავშირებულია წლების განმავლობაში მათ უარყოფით ფინანსურ შედეგებთან. 

სახელმწიფო საწარმოების წმინდა მოგების/დაუფარავი ზარალის დინამიკა (მლნ ₾)

აუდიტის სამსახურის თანახმად, 2021 წელს რეალიზდა ისეთი ფისკალური რისკი, რომელიც „ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში“ განხილული არაა. ასეთ რისკად უწყება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავებს ასახელებს.

საყურადღებოა სსიპ/ა(ა)იპ-ების შემოსავლებისა და ხარჯების გეგმურ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებული გადახრების როგორც სიხშირე, ისე მასშტაბი, რაც რიგ შემთხვევებში სისტემატურ ხასიათს ატარებს. 2021 წელს სსიპ/ა(ა)იპ-ებს ბანკებში დეპოზიტებზე 119 მლნ ლარი ჰქონდათ. 

„მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მუშაობა გამოუყენებელი ფულადი სახსრების იდენტიფიცირებასა და მათ მიმართვაზე სახელმწიფო პროდუქტების/სერვისების შექმნის, ან გაუმჯობესების კუთხით“, - აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

უწყების თანახმად, პანდემიისა და არსებული გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, მთავრობის ვალის მოცულობა განსაკუთრებით მოწყვლადია ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების მიმართ. 2021 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, მთავრობის ვალის ნაშთის 80.4%-ს საგარეო ვალი წარმოადგენს. მზარდია ასევე საპროცენტო რისკი, რაც საკრედიტო პორტფელში ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილის ზრდით გამოიხატება (შეადგენს 46%-ს).

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში ადგილი აქვს პროექტების გეგმების არსებით ცვლილებას, რაც დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. ეს კი თავის მხრივ, პროექტების განხორციელების პროცესზე ახდენს გავლენას და აუთვისებელ რესურსში ან ფაქტობრივი ხარჯების გეგმის გადაჭარბებაში გამოიხატება.