
ტედროს ადანომ გებრეისუსი ფარული კენჭისყრის შედეგად, "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს.
კენჭისყრა გუშინ ორგანიზაციის წლიურ შეხვედრაზე გაიმართა. გებრეისუსი არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი იყო. მან 160-დან 155 ხმა მიიღო.
"ამ პატივს ახლავს დიდი პასუხისმგებლობა და მე მზად ვარ ვიმუშაო ყველა ქვეყანასთან, ჩემს კოლეგებთან მთელს მსოფლიოში და ჩვენს ძვირფას პარტნიორებთან, რათა შევძლოთ, რომ WHO-მ შეასრულოს თავისი მისია ჯანმრთელობის ხელშეწყობის, მსოფლიოს უსაფრთხოებისა და დაუცველთა მომსახურების საქმეში", - თქვა ტედროსმა.
მისი WHO-ის ხელმძღვანელის პოსტზე მე-2 ვადის ათვლა 2022 წლის 16 აგვისტოს დაიწყება და ხუთწლიან სამუშაო პერიოდს მოიცავს.
57 წლის ტედროს ადანომ გებრეისუსი ორგანიზაციას 2017 წლის 1 ივლისიდან ხელმძღვანელობს. მანამდე, 2012-2016 წლებში, ის ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2005-2012 წლებში კი ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.