სახეზეა ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები,- ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.
ავტორების თანახმად, ინფლაციის შემცირების კუთხით ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„სამომავლოდ, ლარის შემდგომი გამყარების არგუმენტები კვლავაც სავალუტო ბაზარზე დოლარის ძლიერი მიწოდება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით საშუალო კურსიდან გამომდინარე, მისი ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები უკვე სახეზეა“, - აღნიშნულია ყოველკვირეულ განახლებაში.
„თიბისის“ მაისის მონაცემებზე დაყრდნობით, ტურისტულმა შემოსავლებმა მიგრაციის ეფექტის გარეშეც მოიმატა.
ამასთან, „თიბისი კაპიტალში“ მნიშვნელოვნად გაზრდილ გზავნილებს მიგრაციას უკავშირებენ.
„გზავნილები ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების ხარჯზე, მოსალოდნელზე ბევრად უფრო მეტად გაიზარდა.
როგორც ჩანს, გადმორიცხვების მნიშვნელოვანი ნაწილი მიგრაციას უკავშირდება და ამდენად, ტურიზმის შემოსავლებშიც აღირიცხება. ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ საგარეო შემოდინებები ძლიერია და საქართველოს საგარეო ბალანსი უმჯობესდება“, - აღნიშნულია განახლებაში.
ცნობისთვის, ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 2.8700 ლარად ივაჭრება.