უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის მარტსა და აპრილში საქართველოში რუსეთის 93 865 მოქალაქე შემოვიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 346%-ით აღემატება. უცნობია, რამდენი მათგანი დარჩა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის ივნისის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის ვადით შეუძლიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემებით, მხოლოდ აპრილში საქართველოში რუსეთის 48 797 მოქალაქე შემოვიდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 289%-ით აღემატება. ამ მაჩვენებლით, საზღვრის კვეთის აპრილის სტატისტიკაში რუსეთი პირველ პოზიციაზეა.
(საზღვრის კვეთის სტატისტიკა, წყარო:შსს)
გასულ 2 თვეში საქართველოში უკრაინის 38 918 მოქალაქე შემოვიდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 203%-ია. მხოლოდ აპრილში საქართველოს საზღვარი 21 995-მა უკრაინის მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც წლიურ ჭრილში 186%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება ბელარუსის მოქალაქეებს, მიმდინარე წლის მარტში მათი რაოდენობა წლიურად 1 577%-ით გაიზარდა. მარტში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სულ 20 029 ბელარუსმა გადმოკვეთა. აპრილში კი მაჩვენებელმა შედარებით იკლო და საზღვრის კვეთის სტატისტიკაში ბელარუსმა მე-7 პოზიცია დაიკავა.
მიმდინარე წლის აპრილში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 822 484-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 61% უცხოელი იყო, 39% კი - ქართველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აპრილში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. შემდეგ იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის თანახმად, მარტში, საქართველოში შემოსვლაზე უარი უფრო მეტ უკრაინელს ეთქვა, ვიდრე ბელარუსს. საზღვრის გადმოკვეთის საშუალება არ მისცეს ქვეყანაში შემოსვლის მსურველ 340 რუსს (0,75%), 65 უკრაინელს (0,38%) და 16 ბელარუსს (0,08%).