LIVE

2021 წელს უმუშევრობის დონე 20.6%-მდე გაიზარდა - საქსტატი

18 მაი 202211:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 738
2021 წელს უმუშევრობის დონე 20.6%-მდე გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6% შეადგინა. ეს 2017 წლის შემდეგ უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

უმუშევრობა ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.7, 3.5 და 3.4 პროცენტული პუნქტით.

2021 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 50.9% იყო, ხოლო დასაქმების დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 40.4% შეადგინა. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.9 და 0.4 პროცენტული პუნქტით.

გასულ წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.2%-ს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.

2021 წელს უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 2.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალი იყო კაცებში, ვიდრე ქალებში. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაიზარდა 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.5 პროცენტული პუნქტით.

რაც შეეხება სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეს, ის ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.5%-ს, ხოლო კაცებში 62.9%-ს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

2021 წელს 2020-თან შედარებით, დასაქმების დონე როგორც ქალებში, ისე კაცებში შემცირდა, შესაბამისად, 0.5 და 0.9 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (52.2%), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (6%), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.