LIVE

ევროკავშირმა შესაძლოა ბუნებრივი აირის ფასზე ზღვარი დააწესოს

16 მაი 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 677
ევროკავშირმა შესაძლოა ბუნებრივი აირის ფასზე ზღვარი დააწესოს

ევროკავშირმა შესაძლოა ბუნებრივი აირის ფასზე ზღვარი დააწესოს, რათა რუსეთის მხრიდან მიწოდების შეწყვეტის ან მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაში ზედმეტად გაზრდილი ფასები თავიდან აიცილოს.

ევროკომისია ენერგეტიკულ ბაზარზე ინტერვენციის ზომებს ადგენს, რაც რუსული გაზის იმპორტის ჩანაცვლების პაკეტის ნაწილი იქნება. Bloomberg News-ის მიხედვით, კომისია რეკომენდაციას გაუწევს საერთო პრინციპებზე შეთანხმებას, რათა ბლოკი მოემზადოს უფრო ფართო შეფერხებების ან რეგიონული საგანგებო სიტუაციისთვის.

გაზის მიწოდების შესახებ შეშფოთება ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებზე მძიმედ აისახება, რადგან მოსკოვმა ევროკავშირის სანქციებს გაზის მიწოდებაზე საკუთარი შეზღუდვებით უპასუხა. ასევე, პრობლემატურია იმპორტიორების მიერ რუსული გაზისთვის გადახდა ისე, რომ სანქციები არ დაირღვეს.

საგანგებო სიტუაციის დროს მაქსიმალური ფასის რეგულაციის შემოღების ხანგრძლივობა შეზღუდული იქნება. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, რომელიც Bloomberg News-მა ნახა, ბაზრის ფასი რაც შეიძლება დიდხანს უნდა იყოს შენარჩუნებული. დოკუმენტი შესაძლოა ჯერ კიდევ შეიცვალოს 18 მაისამდე, როცა მისი მიღებაა ჩანიშნული.

კომისია ასევე აპირებს მწვანე შუქი აუნთოს მოკლევადიან ზომებს, რათა მომხმარებლები და კომპანიები ენერგიის მაღალი ფასებისგან დაიცვას. ზომები მოიცავს მთავრობებისთვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასის რეგულაციის გაგრძელების ნებართვას, ასევე საქონლით მოვაჭრეებისთვის საგანგებო ლიკვიდურობის მხარდაჭერას და ევროპული გაზის ბირჟების შიდა ვაჭრობის წესებში გამოყენებული მოკლევადიანი ცვალებადობის ლიმიტების გადახედვას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ევა კრუკოვსკა