ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის განაცხადებით, ბევრი განსახილველი საკითხი დაგროვდა, თუმცა ინვესტორთა საბჭოს შეხვედრა მეექვსე თვეა არ გამართულა.
„ინვესტორთა საბჭოს შეხვედრა, სამწუხაროდ, მეექვსე თვეა არ გამართულა. ამ დროს კი, რეალურად ბევრი საკითხია განსახილველი. ბევრი ცვლილებაა და უახლოეს პერიოდში გაცილებით მეტი იქნება“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.
შეგახსენებთ, ინვესტორთა საბჭოს ბოლო, რიგით მეთექვსმეტე სხდომა გასული წლის 25 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, ვაქცინაციის პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.
ინვესტორთა საბჭო კერძო და საჯარო დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს. ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგს ბიზნესსაზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.