LIVE

ნიკოლოზ გამყრელიძე "საქართველოს კაპიტალის" აღმასრულებელი დირექტორი ხდება

09 მაი 202223:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 927
ნიკოლოზ გამყრელიძე "საქართველოს კაპიტალის" აღმასრულებელი დირექტორი ხდება

მომდევნო წლიდან "საქართველოს კაპიტალის" (Gcap) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ნიკოლოზ გამყრელიძე დაიკავებს

კომპანიის მოქმედმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა სამეთვალურეო საბჭოს შესთავაზა, რომ მისი კონტრაქტის ამოწურვისთანავე, 2023 წლის მაისში საბჭოს თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის როლები გაიმიჯნოს, რის შედეგადაც მას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მისი მოადგილე, ნიკა გამყრელიძე ჩაანაცვლებს. გილაური თვლის, რომ ეს ცვლილება დადებითად აისახება კომპანიის მმართველობაზე.

საბჭოს დამოუკიდებელი არააღმასრულებელი წევრები ერთხმად მიესალმნენ გილაურის ინიციატივას. მას შემდეგ, რაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე გახდება, გილაური საქმიანობას მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გააგრძელებს და აქტიურად იქნება ჩართული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე საინვესტიციო განხილვებში. 

"აღმასრულებელი დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარის როლების კომბინაცია კომპანიას გამოადგა საწყის ეტაპზე, თუმცა ახლა ცხადი გახდა, რომ უკეთესი იქნება თუ ეს ორი პოზიცია გაიმიჯნება," განაცხადა "საქართველოს კაპიტალის" უფროსმა დამოუკიდებელმა დირექტორმა, დევიდ მორისონმა. 

თავად ირაკლი გილაურმა კი განმარტა, რომ მმართველობის ახალი სტრუქტურა მის გამოცდილებას და ცოდნას ადგილობრივ ბაზართან მიმართებაში არააღმასრულებელ გუნდზე გადაიტანს, რაც უკეთეს ბალანსს უზრუნველყოფს აღმასრულებელ და არააღმასრულებელ გუნდებს შორის.  

"იმის გათვალისწინებით, რა კვეთაც დღეს გვაქვს სამეთვალყურეო საბჭოსა და საინვესტიციო კომიტეტს შორის, ჩვენ შევძლებთ გავამარტივოთ სტრუქტურა ამ ორი დანაყოფის როლების შერწყმით," განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ ახლო მომავალში გახდება ცნობილი, თუ როგორ შეიცვლება საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) მენეჯმენტის სტრუქტურა და ვინ ჩაანაცვლებს გამყრელიძეს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. 

საქართველოს კაპიტალი 2018 წელს BGEO ჯგუფისგან გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბდა. დემერჯინგის პირობებში, სამეთვალყურეო საბჭომ ჩათვალა, რომ აღმასრულებელი დირექტორის და საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე ერთი ადამიანის დანიშვნა ჯგუფის ინტერესებში იყო. ამ მიდგომას მხარს უჭერდნენ მეწილეებიც, თუმცა საბჭო რეგულარულად განიხილავდა, თუ რამდენად ემსახურებოდა ასეთი მმართველობის სტრუქტურა ინვესტორების საუკეთესო ინტერესებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, კომპანიის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 20.48%-ით არის შემცირებული, ხოლო ერთწლიან ჭრილში - 4.55%-იანი კლებაა. 

„საქართველოს კაპიტალის" აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში ივაჭრება. საინვესტიციო ჯგუფის პორტფელი აერთიანებს ჯანდაცვის, წყალმომარაგების, განახლებადი ენერგიის, სადაზღვევო და საგანმანათლებლო დარგის ბიზნესებს. ჯგუფი ასევე არის „საქართველოს ბანკის“ 19.9% წილის მფლობელი.