LIVE

როგორ დატოვა ჯეკ დორსიმ Twitter-ი იმისათვის, რომ ბიტკოინის სულიერი ლიდერი გამხდარიყო

17 აპრ 202217:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 698
როგორ დატოვა ჯეკ დორსიმ Twitter-ი იმისათვის, რომ ბიტკოინის სულიერი ლიდერი გამხდარიყო

2021 წელს, როდესაც ჯეკ დორსიმ მაიამიში, ბიტკოინის კონფერენციის სცენაზე ფეხი შედგა, ოფიციალურად ის ჯერ კიდევ კომპანია Twitter-ს წარმოადგენდა, თუმცა, ფერად მაისურში გამოწყობილ წვერმოშვებულ ჯეკზე ერთი შეხედვით ამას ვერ იტყოდით. უფრო მეტიც, სამხრეთ ფლორიდაში მისი ვიზიტი წინააღმდეგობაში იყო Twitter-ის შინაგანაწესთან. 

ასეა თუ ისე, დორსიმ თავად მიიღო გადაწყვეტილება და პლაჟზე 20-იოდე წლის მოდელთან, ფლორა კარტერთან ერთად გამოცხადდა, ისადილა საფონდო ბირჟის მოტრფიალე დეივ პორტნიოსთან და ასევე გადაიკვეთა კრიპტო-პრომოუტერად ქცეულ ყოფილ ბოქსიორ ფლოიდ მეივეზერთან.

მაიამიში ჩასულ დორსის ბიტკოინზე ბევრი სალაპარაკო ჰქონდა. ფაქტობრივად, იმაზე მეტიც კი, ვიდრე Twitter-სა ან Square-ზე - იმ ორ კომპანიაზე, საიდანაც ხელფასს უხდიდნენ. მისი პროგნოზით, მოვა დრო, როცა ბიტკოინი ბანკსაც ჩაანაცვლებს, რითაც განვითარებად სამყაროში ენტერპრენერებს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს და განახლებად ენერგიაში ინვესტიციებსაც გაზრდის. 

"ბიტკოინი სრულიად ყველაფერს შეცვლის",- განაცხადა მაშინ დორსიმ და ისიც დასძინა, რომ ცხოვრებაში ამაზე უფრო საინტერესო სამუშაო სფერო არც ჰქონია.  

ხუთი თვის შემდეგ დორსიმ ოფიციალურად დატოვა Twitter და განაცხადა, რომ სახელს უცვლიდა Square-ს. ამგვარად, კომპანიას, რომელიც ადგილობრივ ყავის მწარმოებლებსა და სხვა მცირე ბიზნესებს უწყობს ხელს, Block ეწოდა, რაც ცხადია კრიპტოვალუტასთან - ბიტკიონთან არის კავშირში. ოფიციალურად სწორედ Block-ია დორსის ამჟამინდელი სრულგანაკვეთიანი სამსახური. 

ბოლო ორი წლის მანძილზე დორსიმ, რომელიც მედიასთან ურთიერთობაზე უარს ამბობდა, საკუთარი თავი ვალუტის არაოფიციალურ სულიერ ლიდერად და სახალხო დამცველად წარმოაჩინა, რისთვისაც აქტიურად იყენებს Twitter-ის პირად ანგარიშს.

გასულ წელს, ერთ-ერთ კრიპტო ღონისძებაზე, სადაც ელონ მასკიც იმყოფებოდა, დორსიმ თქვა, რომ მას მტკიცედ სჯერა, ბიტკოინი მსოფლიოს მშვიდობას მოუტანს. პორტნოისთან სადილზე, დორსიმ ისიც განაცხადა, რომ მას სურდა ფოკუსირება მოეხდინა ექსკლუზიურად ციფრულ ვალუტაზე. 

დორსის ენთუზიაზმი აისახება მის კომპანიაზეც, რომელიც საგრძნობლად გაიზარდა ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ რიგით ადამიანებს ბიტკოინის ტელეფონით ყიდვის შესაძლებლობას უადვილებს. 

დორსის ბიტკოინისადმი ინტერესმა ის ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში აფრიკაში ამოგზაურა, რის შემდეგაც მან ამ ვალუტაზე გაშმაგებით დაიწყო პოსტების გამოქვეყნება. ერთთვიანი მოგზაურობა მოიცავდა ეთიოპიას, განას, ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკას, სადაც ის ადგილობრივ ენტერპრენერებს შეხვდა, რომელთა უმრავლესობა სწორედ ბიტკოინზე ორიენტირებულ კომპანიას აშენებდა. 

ფაქტმა, რომ ბიტკოინს შეეძლო ფინანსური სისტემების ძირფესვიანი ცვლილება მთელ კონტინენტზე გააოცა და შთააგონა დორსი, რომელმაც გამომგზავრებისას ადის-აბებას აეროპორტიდან დატვიტა, რომ წუხდა, რადგან აფრიკის დატოვება უწევდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ 2020-ის შუა პერიოდში 3-6 თვით დაბრუნდებოდა კონტინენტზე. 

პანდემიის დაწყება დორსის გეგმებზეც აისახა, მიუხედავად იმისა, რომ ის მაინც დისტანციურად მუშაობდა - ძირითადად ჰავაიდან, კოსტა რიკადან და ფრანგული პოლინეზიიდან, რითაც თავის რეალურ ადგილსამყოფელს ბუნდოვანს ხდიდა. დორსი პანდემიამდეც კვირაში რამდენიმე დღე სახლიდან მუშაობდა. აფრიკაში გადაბარგების იდეაც იმას ემსახურებოდა, რომ გრძელვადიანი დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა დაემტკიცებინა.

დორსი თინეიჯერობის წლებიდანვე დაინტერესდა კრიპტოგრაფიით. 2008 წელს კი წაიკითხა სამეცნიერო კვლევა ბიტკოინის შესახებ, რაც როგორც თავად ამბობდა "მთლიანად პოეზია" იყო. იგი ბიტკოინს თავიდანვე ხედავდა არა მხოლოდ როგორც ვალუტას, არამედ როგორც ღირებულებების შენახვის გზას, რომელსაც შეეძლო ფუნდამენტური ცვლილებების მოეტანა მთელ სამყაროში. 

დორსის სჯერა, რომ საბოლოოდ კრიპტოვალუტა გახდება ფართო მოხმარების საგანი და სრულიად არაა გასაკვირი, რომ მისი კომპანია ეცდება ამ მხრივ თავისი ნიშა დაიკავოს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი