LIVE

იაპონია და სამხრეთ კორეა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის შემცირებას აპირებენ

08 აპრ 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 827
იაპონია და სამხრეთ კორეა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის შემცირებას აპირებენ
Tomohiro Ohsumi/Bloomberg

იაპონია და სამხრეთ კორეა რუსული ნახშირის იმპორტის შეზღუდვას გეგმავენ.

იაპონის გრძელვადიანი მიზანი “რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის შეწყვეტაა”. ამ მიზნით, ქვეყანა დროთა განმავლობაში დაზოგავს ენერგიას, ეცდება ელექტროენერგიის სხვა წყაროებიდან გამომუშავებას და მოძებნის ალტერნატიულ მიმწოდებელს რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

აქამდე იაპონია ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების შეწყვეტას საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების გამო. ქვეყანა ქვანახშირის მესამე იმპორტიორია და ელექტროენერგიის მიწოდების დაახლოებით 13%-ს რუსეთიდან იღებს. 

მარტში იაპონიის ვაჭრობის სამინისტრომ მოიწვია პანელი ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად და რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი ზომები, როგორიცაა ენერგიის დაზოგვის ინფრასტრუქტურის დაყენება ფოლადის ქარხნებში ქვანახშირის მოხმარების შესამცირებლად.

ელექტროენერგიის რამდენიმე მწარმოებელმა სამხრეთ კორეასა და იაპონიაში განაცხადეს, რომ არ განახორციელებენ რუსული ნახშირის დამატებით იმპორტს ან სასწრაფო შესყიდვას.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანა არ იტყვის უარს რუსეთთან ერთობლივ სახალინ-1-ისა და სახალინ-2-ის პროექტებზე ენერგეტიკული უსაფრთხოების მოტივით.

ჩრდილოეთ აზიის ქვეყნების გადაწყვეტილება მოჰყვა G-7-ის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, ქვეყნები აკრძალავენ ახალ ინვესტიციებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში და გააფართოებენ სავაჭრო შეზღუდვებს, ეტაპობრივად შეწყვეტენ ქვანახშირის იმპორტის. ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმაც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: შოკო ოდა და ჰისუ ლი