LIVE

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველომ $920,000 მიიღო

07 აპრ 202217:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 698
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველომ $920,000 მიიღო
ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

იმისთვის, რომ საქართველომ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის ნაწილში აღებული ვალდებულებები შეასრულოს, იაპონიის მთავრობამ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 920,000 დოლარით დააფინანსეს. 

ერთწლიანი ინიციატივა მოიცავს საქართველოში ტყეების მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის პრაქტიკის დანერგვას - ტყეების დაცვას, ტყის ეკოსისტემის დეგრადაციისა და გაჩეხვის შემცირებას, ტყის ხანძრების პრევენციას და შესაბამისი რისკების მართვას. დონორების მოლოდინით, შედეგად ტყე უკეთ შეასრულებს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, რომელიც ნახშირბადის შთანთქმას და სათბური აირების ემისიების შემცირებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, იაპონიისა და UNDP-ის ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი განხორციელდება - შეიქმნება „საქმიანი ეზოები“ და დაინერგება ხე-ტყის  დამზადების მდგრადი პრაქტიკა. სამი საქმიანი ეზო დაახლოებით 43,000 ადგილობრივ მოსახლეს მოემსახურება.

"ჩვენი დახმარების შედეგად, 43,000 ადამიანი შეძლებს მწვანე ენერგიის გადაწყვეტების დანერგვასა და შემოსავლის მდგრადი წყაროს გამოყენებას. საქართველოს უნიკალური და მდიდარი ტყეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, აღნიშნა იაპონიის ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ. მან ასევე ისაუბრა იაპონიის ამბიციურ გეგმაზე, რომელიც 2050 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალურობის მიღწევას გულისხმობს. საკუთარი ეროვნული გეგმის განხორციელებასთან ერთად, იაპონია დაბალემისიანი ეკონომიკის მშენებლობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც უწყობს ხელს და მათ შორის არის საქართველოც.  

საქმიანი ეზოების მოწყობა საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმის ნაწილია,  რომელიც ეგრეთ წოდებული, „სოციალური ჭრების“ ეტაპობრივ გაუქმებას და შეშის ალტერნატიული პროდუქტების, მაგალითად, ბიომასის მოხმარებაზე გადასვლას ითვალისწინებს. არსებული გათვლებით, მომავალი წლიდან საქმიანი ეზოები მთელ საქართველოში სრული დატვირთვით უნდა ამოქმედდეს.

„მდგრადი განვითარება ცხოვრების მდგრად სტილსა და შემოსავლის მდგრად წყაროს ეყრდნობა. სწორედ მდგრადი განვითარება აძლევს ადამიანებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, რომელიც საფრთხეს არ უქმნის გარემოს. საქართველო იმ 23 ქვეყნისა და ტერიტორიის რიცხვშია, სადაც იაპონია და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და UNDP-ის რეგიონულმა დირექტორმა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა.

2021 წელს, საქართველომ მიიღო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის უპირობო ვალდებულებას 2030 წლისთვის 35 პროცენტით შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამური მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2030 წლის კლიმატის ცვლილების ეროვნულ სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები ამ ვალდებულებების შესასრულებლად. ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმის 10 პროცენტით გაზრდა სწორედ ამ ამბიციური გეგმის ნაწილია.

„ტყის კოდექსის ეტაპობრივი იმპლემენტაცია რეგიონებში მოსახლეობისთვის საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, პარიზის შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ამბიციური ვალდებულებები აიღო. ახალი პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების ნაწილში ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას”, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

შარშან გამართულ გაეროს კლიმატის მსოფლიო კონფერენციაზე (COP26) გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტ დახმარებას გაუწევს მსოფლიოს 100 ქვეყანას ეროვნული ვალდებულებების შესრულებაში. UNDP-ის ამ გლობალურ ინიციატივას - „კლიმატური დაპირება“ (Climate Promise) - მხარს უჭერენ გერმანია, შვედეთი, ევროკავშირი, ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ისლანდია და პორტუგალია. 2022 წლიდან ამ სიას იაპონიაც შეუერთდა, რომელიც ამ ეტაპზე Climate Promise-ის ერთ-ერთი უმთავრესი ფინანსური კონტრიბუტორია. საქართველოს ტყის მდგრადი მართვის პროექტი სწორედ ამ გლობალური ძალისხმევის ფარგლებში განხორციელდება.