
"მე უბრალოდ სიმართლე ვუთხარი!" "ეს ყველაფერი ხუმრობით ვთქვი!" - ამ ფრაზების თქმის დროს, ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ თავდაცვას მივმართავთ. ეს ჩვენ სამსახურში კონფლიქტისგან გვიცავს, თუმცა, ბრიტანეთის სოციალური ფსიქოლოგიის ჟურნალის კვლევა ადასტურებს, რომ დაპირისპირებულ თანამშრომლებს შორის კონფლიქტის განსამუხტად უკეთესი გზებიც არსებობს.
პრობლემა: თავდაცვითი მოქმედებები ხშირად ხელს უშლის გულახდილ საუბარს და მომხდარს ჩვენს მეხსიერებაში არასწორი ფორმით ლექავს. რაღაც პერიოდის შემდეგ ის ისევ იჩენს თავს. ერთი კონფლიქტი შესაძლოა, გუნდში სხვა კონფლიქტებში გადაიზარდოს და მრავალშრიანი გახდეს.
თქვენი სტრატეგია: პირველ რიგში, ნათლად განაცხადეთ, რომ ეს თანამშრომელი გუნდის ნაწილია, ის პატივსაცემი და ღირებულია, ამის შემდეგ მოქმედებაზე გადადით. ადამიანები არიან სოციალური ცხოველები, რომლებსაც მიკუთვნებულობის მოთხოვნილება აქვთ. "ჩვენი ტვინი მოწყობილია ისე, რომ სოციალური გარიყვის საშიშროება აღმოაჩინოს და როდესაც აღმოაჩენს, თავდაცვაზე გადადის", - ამბობს კვლევის თანაავტორი, ლიდია ვუდიატი.
ნაბიჯი 1: პოზიტიურად ისაუბრეთ თანამშრომლობაზე - "როდესაც ადამიანები თავს ჯგუფის მნიშვნელოვან ნაწილებად გრძობენ, ისინი უფრო მეტად განიცდიან საკუთარ შეცდომას და დანაშაულს", - ამბობს კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი, მაიკლ ვენზელი. ხოლო, როდესაც თანამშრომლობა დაფასებულია, ადამიანები ნაკლებად შფოთავენ და ნაკლებად აწუხებთ არასაიმედოობის შეგრძნება.
ნაბიჯი 2: აღწერეთ პოზიტიური ღირებულებები, რომლებიც თანამშრომელს თავს დაცულად აგრძნობინებს - "თქვენ ნამდვილად ზრუნავთ სოციალურ კავშირზე და მე ვიცი, როგორ გიყვართ ჩვენი გახალისება." უთხარით, გესმით, რომ მისი ზრახვები საპატიო იყო. "ამით კიდევ ერთხელ დაუდასტურებთ,რომ ის კარგი ადამიანია და ეს ასევე ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ", ამბობს ვუდიატი.
ნაბიჯი 3: მიეცით საშუალება, თავად მოყვეს მომხდარის შესახებ - თქვენი როლი არ არის თქვათ, რა მოხდა არასწორად. "მიეცი მას საშუალება მიხვდეს რა იყო არასწორი. ეს მის პასუხისმგებლობას გაზრდის," მიიჩნევს მკვლევარი.
ნაბიჯი 4: მოერიდეთ მის დანაშაულზე აპელირებას - მისი განსასჯელის სკამზე დასმა, თქვენს ინტერესში ყველაზე ნაკლებად შედის. "უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ადამიანები თავდაცვაზე გადადიან, ისინი ხვდებიან, რომ რაღაც სწორად არ გააკეთეს", - ამბობს ვენზელი. დიახ, რა თქმა უნდა, ის არასწორად მოიქცა, მაგრამ განცდა, რომ დამნაშავეა, კონტრპოდუქტიულია.
ნაბიჯი 5: სიტუაცია სწრაფად გამოასწორეთ - განსაზღვრეთ გზა, რომელიც თანამშრომელს მიახვედრებს და დაუყოვნებლივ გამოასწორებინებს შეცდომას. ვუდიატის თქმით, მიზანი "შერიგების უსწრაფესი გზის" პოვნაა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არიან კოენი